„მთავარმა არხმა“ კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.
საქმე ეხება 22 ივლისს სენაკის თეატრში მომხდარ ფაქტს.
კულტურის მინისტრმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა.
„მთავარი არხი“ ითხოვს, მინისტრის ქმედებებზე გამოძიება დაიწყოს.
გენერალური პროკურატურის წინ გამართულ ბრიფინგზე ნიკა გვარამიას ოთხი კრიტიკული ტელეკომპანიის მიკროფონი ეჭირა. მისი თქმით, წულუკიანის მიერ „მთავარი არხის“ მიკროფონის წართმევა პირობითია და მის ნაცვლად შესაძლოა ნებისმიერი სხვა ყოფილიყო.
“ის, რაც მან გუშინ წულუკიანმა გააკეთა, არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მთავრობის წევრმა ჟურნალისტს მოჰპარა მიკროფონი, მიითვისა სხვისი საკუთრება და ამით ჩაიდინა ძარცვა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა.
სრული ტყუილია, რომ ჩვენ ვშლიდით პრემიერას. სპექტაკლი დაწყებული არ იყო, ჩვენ ვიმყოფებოდით დარბაზში და გვინდოდა კომენტარი ქალთა სოლიდარობასთან დაკავშირებით, იმ ქალთა სოლიდარობასთან დაკავშირებით, რომლებზეც პარლამენტში კაცმა დეპუტატებმა იძალადეს. ამასთან დაკავშირებით კომენტარის ნაცვლად უკვე ქალმა იძალადა, ჩვენს ქალ ჟურნალისტზე და მთლიანად მედიაზე”, – განაცხადა გვარამიამ.
მთავარმა არხმა წულუკიანს მიკროფონის დაბრუნება კიდევ ერთხელ მოსთხოვა.
„ქალბატონო თეა, დაგვიბრუნეთ წართმეული მიკროფონი. ჩვენ, „მთავარი არხი“ და კრიტიკული მედიის წარმომადგენელბი ქვეყნის პირველი ვიცე-პრემიერისა და კულტურის მინისტრის უკულტურო და აგრესიულ ქმედებაზე გამოძიების დაწყებას და ჩვენი კომპანიის კუთვნილი ნივთის დაბრუნებას ვითხოვთ. ჯერჯერობით, ძალოვან უწყებებს კანონდამრღვევი ვიცე-პრემიერის ჩადენილ დანაშაულზე რეაგირება არ მოუხდენია“,- აღნიშნულია „მთავარი არხის“ განცხადებაში.
შეგახსენებთ, თავად წულუკიანმა მომხდარის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მიკროფონის დაბრუნებვას არ გეგმავს.