საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიბიაში დაკავებული მეზღვაური, ნუკრი ხოხბა პატიმრობიდან გათავისუფლდა. ხოხბა საქართველოში უკვე დაბრუნდა. ბათუმის აეროპორტში მას საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის, აჭარის მთავრობის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები და ოჯახის წევრები დახვდნენ.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნუკრი ხოხბას გათავისუფლების საფუძველი გახდა ბრალდების ნაწილში ხომალდის ეკიპაჟის რიგითი წევრების ჩართულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობა, რომელთა შორის იყო ქართველი მეზღვაურიც, ხოლო კაპიტნისა და თანაშემწის საქმე გადაეცა საბრალდებო პალატას და გაგრძელდება სასამართლო ძიება.
რაც შეეხება ლიბიაში პატიმრობაში დარჩენილი ქართველი მეზღვაურების გათავისუფლებას, საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მათ საკითხზე ამ დრომდე მიმდინარეობს მუშაობა.ლიბიის ქალაქ ტაჯურას ციხეში რომან კაკალაძე, და გენადი კომახიძე რჩებიან.
შეგახსენებთ, ქართველი მეზღვაურები ლიბიაში საზღვაო კანონმდებლობის დარღვევის ბრალდებით 2017 წლის აგვისტოში დააკავეს.