საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების თანახმად, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში, რომლის მიზანია საქართველოს დღგ-ის კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოვება.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, მულტინაციონალურ კორპორაციებს (BOOKING, GOOGLE, FACEBOOK, YOUTUBE, NETFLIX, SPOTIFY და ა.შ.) 2021 წლის 1-ლი ივლისიდან დაუდგინდათ რეგისტრაციის, დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის გამოანგარიშებისა და გადახდის ვალდებულება.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე შეიქმნა პორტალი – https://nr.rs.ge/ რომლის მეშვეობითაც აღნიშნული დასაბეგრი პირები მარტივად გაივლიან რეგისტრაციას და განახორციელებენ ანგარიშგებას.
„აქვე კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ უცხოელ დასაბეგრ პირს (მაგ: BOOKING.COM) დღგ-ით დაბეგვრის ვალდებულება წარმოეშობათ, მხოლოდ იმ ციფრული მომსახურების მიწოდებაზე ( საკომისიო თანხაზე), რომელსაც გაუწევენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ არამეწარმე ფიზიკურ პირებს.
იმისათვის, რომ აღნიშნულ მულტინაციონალურ კომპანიებს ჰქონდეთ საკმარისი დრო, გაეცნონ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებებს, მოახდინონ საქართველოში მათი მომხმარებლების ინფორმირება და მოამზადონ შესაბამისი ტექნიკური ბაზა, მათთან გამართული მოლაპარეკებების შედეგად, გადაწყდა აღნიშნული წესების განხორციელების ვადის გადაწევა 2021 წლის პირველ ოქტომბრამდე.
შესაბამისად, ის ოპერაციები, რომელზეც ვრცელდება აღნიშნული წესები, დამატებული ღირებულების გადასახადით დაიბეგრება 2021 წლის 1-ლი ოქტომბრიდან“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.