LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიმედოვნებთ, 19 აპრილის შეთანხმება გააგრძელებს გარკვეული სტრუქტურისა და ჩარჩოს უზრუნველყოფას მხარეების ერთად მუშაობისთვის: კელი დეგნანი

41
კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ 19 აპრილის შეთანხმება გააგრძელებს გარკვეული სტრუქტურისა და ჩარჩოს უზრუნველყოფას მხარეების ერთად მუშაობისთვის, რადგან ცალმხრივი რეფორმები საქართველოს არ სჭირდება.

მისივე განცხადებით, საქართველოს სჭირდება მრავალპარტიული რეფორმები, რომელთა წინ წაწევას და შესრულებას ქართველი ამომრჩევლის მიერ არჩეული ყველა ლიდერი შეძლებს.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით, დეგნანი აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ დადებული პირობა კეთილსინდისიერად უნდა შეასრულოს.

ყველა განცხადებაში, რომელიც წავიკითხე, მათ შორის ჩვენს განცხადებაში, მკაფიოდ არის აღნიშნული, თუ რამდენად იმედგაცრუებული არიან საქართველოს მეგობრები იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება გავიდეს ამ შეთანხმებიდან. ეს არის საუკეთესო გზამკვლევი, რომელიც ქართველმა ლიდერებმა ექვსთვიანი მოლაპარაკებების შედეგად შეათანხმეს, იმ რეფორმების ჩასატარებლად, რომლებიც საქართველოს სჭირდება. შეთანხმების იდეა და ღირებულება მდგომარეობდა იმაში, რომ მხარეებმა შეათანხმეს ის ერთად და ერთად აიღეს ვალდებულება, რომ შეასრულონ რეფორმები. ჩვენი იმედია, რომ ეს შეთანხმება გააგრძელებს გარკვეული სტრუქტურის და ჩარჩოს უზრუნველყოფას მხარეების ერთად მუშაობისთვის.

საქართველოს სჭირდება მრავალპარტიული რეფორმები, რომელთა წინ წაწევას და შესრულებას შეძლებს ქართველი ამომრჩევლის მიერ არჩეული ყველა ლიდერი. ვიმედოვნებ, რომ შეთანხმება დარჩება ძალაში და კვლავ იქნება ერთგვარი გზამკვლევი, რომელიც ქართველ ლიდერებს სჭირდებათ აუცილებელი რეფორმების ჩასატარებლად. ფოკუსი უნდა გაკეთდეს „ქართული ოცნების“ და შეთანხმების ყველა ხელმომწერის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებაზე. მათ დადეს პირობა, რომ შეასრულებენ ამ შეთანხმებას კეთილსინდისიერად და უნდა გააგრძელონ ამის კეთება. ჩემი აზრით, სანქციებზე საუბარი ნაადრევია, ვიდრე არ ვიხილავთ ამ შეთანხმების ხელმომწერების მხრიდან ვალდებულებების შესრულების კეთილსინდისიერების ნაკლებობას. კვლავ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, რომელსაც ჯერ არ მოუწერია ხელი ამ შეთანხმებისთვის, ხელი მოაწერონ მას, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ფართო შეთანხმება. თუმცა ამავე დროს, მათ, ვინც ხელი მოაწერეს შეთანხმებას, დადეს პირობა და აიღეს ვალდებულება, შეასრულონ ამ შეთანხმების პირობები“, – განაცხადა დეგნანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g