„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის”, (IRI) ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობას არჩევნებში ახალი პოლიტიკური პარტიების ხილვა სურს.
კერძოდ, კითხვაზე: „გსურთ თუ არა იხილოთ ახალი პოლიტიკური პარტიები მომავალ არჩევნებში, თუ კმაყოფილი ხართ არჩევანის დღევანდელი შესაძლებლობით?“ – გამოკითხულთა 61%-მა უპასუხა, რომ არჩევნებში ახალი პოლიტიკური პარტიების ხილვა სურს, 31% კმაყოფილია არჩევანის დღევანდელი შესაძლებლობით, 8%-მა კი არ იცის ან არ აქვს პასუხი კითხვაზე.
კიდევ ერთ შეკითხვაზე: „უჭერთ თუ არა მხარს საქართველოში გადასინჯული საარჩევნო სისტემის მიღებას?“, გამოკითხულთა 35%-მა უპასუხა, რომ ნამდვილად უჭერს მხარს, 41% – „ნაწილობრივ“, 11% – „ნაწილობრივ წინააღმდეგია“, 2% – „ნამდვილად წინააღმდეგია“, 12%-მა კი არ იცის/ არ აქვს პასუხი კითხვაზე.
ორგანიზაციის ცნობით, კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“- ის მიერ.
მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს.
მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.