კულტურის პალატის ხელმძღვანელი, დათო ოქიტაშვილი პასუხობს კითხვას იმასთან დაკავშირებით, გაიმართება თუ არა ნანი ბრეგვაძის საიუბილეო კონცერტი 5 სექტემბერს. შეგახსენებთ, რომ დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო რეგულაციების გამკაცრების გადაწყვეტილება და მათ შორის იკრძალება ღია თუ დახურულ სივრცეში სოციალური ღონისძიებების, ქორწილების, ქელეხებისა და იუბილეების გამართვა.
დათო ოქიტაშვილი:
„ბევრი გვირეკავს და გვეკითხება, ქალბატონი ნანი ბრეგვაძის იუბილე ჩატარდება თუ არა 5 სექტემბერს ბათუმში – გონიოში.
გვინდა გაცნობოთ, რომ ჩატარდება. ჩვენივე უსაფრთხოებისთვის მკაცრი რეკომენდაცია, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს. არის ის, რომ ყველამ ყველგან ვატაროთ პირბადე. შესაბამისად, 5 სექტემბერს ბათუმში, გონიოს ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ ნანი ბრეგვაძის 85 წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება კოვიდრეგულაციების სრული დაცვით: მაყურებელთა სკამები განლაგდება 1-მეტრიანი დისტანციით (ტერიტორია ამის საშუალებას იძლევა), თითოეულ მაყურებელს დახვდება პირბადე და შესასვლელებში მოხდება ტემპერატურის შემოწმება.
ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე“.
