პროექტის “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში ბაკურ დარსალია დედაქალაქის მთავრობას წყლის ტრანსპორტის განვითარების იდეასა და გეგმას სთავაზობს.
როგორც ის ამბობს, მტკვარი მნიშვნელოვან სატრანსპორტო პოტენციალს ატარებს და მისი სათანადო გამოყენება დედაქალაქში ცხოვრების ხარისხზე დადებითად იმოქმედებს.
ასევე, გეგმის ავტორი განმარტავს, რომ ამ იდეის განხორციელება ღირებულ ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს.
დარსალიას გეგმაში გაწერილი და დასურათებულია ის სატრანსპორტო ხაზებიც, რომლებიც შესაძლოა განვითარდეს.
“ამით თბილისი დაუკავშირებს საკუთარ მივიწყებულ ტრადიციას ევროპის წამყვანი ქალაქების პრაქტიკას, სადაც ძირითადი მდინარეები ქალაქის სატრანსპორტო, ტურისტული და რეკრეაციული სივრცეების განუყრელ ნაწილს წარმოადგენენ. რივერბასებით (თანამედროვე “წყლის ავტობუსი”) მტკვრის გასწვრივ გაშენებული უბნების დაკავშირება დიღმიდან ორთაჭალამდე: გააჩენს ახალ სატრანსპორტო საშუალებას ბევრი თბილისელისთვის. ისინი შეძლებენ მდინარის გასწვრივ ზონებში სწრაფად და ზუსტად პროგნოზირებად დროში გადაადგილებას. ბევრი უბანი, მნიშნველოვანი საჯარო ობიექტი და რეკრეაციული სივრცე დაუკავშირდება პირდაპირი სატრანსპორტო ხაზებით ხელს შეუწყობს საცობების განტვირთვას, არსებული გადაადგილების საშუალებებისთვის კონკურენციის გაწევით გააძლიერებს თბილისის ტურისტულ პოტენციალს.
შემცირდება მანძილი ძირითად ტურისტულ ზონებს შორის და გაჩნდება გადაადგილების მეტად მიმზიდველი საშუალება პროექტი ხელს შეუწყობს თბილისის ტრადიციის თანამედროვედ წარმოჩენას და დააბრუნებს მდინარეს ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელს შეუწყობს ახალი კომერციული ობექტების განვითარებას და ეკონომიკურ ბიძგს მისცემს ზონებს მდინარის გასწვრივ შექმნის ტრადიციული (გადატვირთული) სატრანსპორტო ქსელების ეკოლოგიურად უფრო სუფთა ალტერნატივას”, – ნათქვამია განცხადებაში.
პროექტში ასევე, მტკვრის ძველი სურათებია დართული, სადაც ჩანს, რომ დედაქალაქში მდინარეს სატრანსპორტო და სავაჭრო ისტორია აქვს.
შეგახსენებთ, რომ მტკვარზე წყლის ტრანსპორტის განვითარების იდეა თბილისის გენერალურ გეგმაშიც დევს. გეგმა არ დამტკიცებულა შესაბამისად, უცნობია რამდენად დაიწყება ამაზე მუშაობა.
როგორც “სითი ინსტიტუტის” მიერ შედგენილ ოფიციალურ დოკუმენტში წერია, მტკვარზე, მისი გრძივი ღერძის გასწვრივ, შესაძლოა, მგზავრების გადაადგილების ალტერნატიულ საშუალებად წყლის ტრანსპორტი გამოიყენონ.
„მდინარის ნაპირები რამდენიმე ადგილზე აღჭურვილია წყალთან მისადგომებით (კიბეებითა და პანდუსებით) მათი ეფექტურად გამოყენებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითია გასათვალისწინებელი:
- მდინარის საკანალიზაციო და სხვა ნარჩენებისგან გათავისუფლება
- გამოსაკვლევია მდინარის ნაპირების სიღრმე ნაოსნობისთვის
- აუცილებელია წყლისა და ქუჩის სიმაღლის დონეებს შორის არსებული დიდი სხვაობის შემცირება მდინარის ნაპირებთან მიწვდომადობის თვალსაზრისით“, – ნათქვამია გენერალური გეგმის დოკუმენტში.