„ვადასტურებ, რომ გავეცანი ჩანაწერს და ფილიგრანულად ზუსტად არის აღწერილი ჩემი სიტყვები,“ – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ინტერნეტში გავრცელებული ფარული ფაილების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, ერთ-ერთ მიტროპოლიტთან, კერძოდ კი, მეუფე თეოდორესთან მას საუბარი 2018 წელს, ან 2019 წლის დასაწყისში ჰქონდა, როცა „თი ბი სი“ ბანკის დამფუძნებლების წინააღმდეგ, მასიური, ორკესტრირებული შეტევა დაიწყო.
როგორ „ლელოს“ ლიდერმა ტვ „პირველს“ უთხრა, ის ინფორმაცია, რომელიც დაშიფრულ ფაილებშია, სიმართლეს სიტყვა-სიტყვით შეესაბამება.
„ვადასტურებ, რომ ჩანაწერში ზუსტად არის აღწერილი ჩემი სიტყვები. ჩემს თავს იმიტომ მივეცი ამის უფლება, რომ მეუფე თეოდორეს დიდ პატივს ვცემ და ის აბასთუმანში ივანიშვილს ხვდებოდა.
მეუფეს ვთხოვე, ივანიშვილისთვის ჩემი გზავნილი გადაეცა, რომ შეეჩერებინა აგრესია ჩემი და ბადრი ჯაფარიძის მიმართ. რა თქმა უნდა, ახლაც მისმენენ და ჟურნალისტებსაც უსმენენ,“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, ჩანაწერის მიხედვით, ხაზარაძემ ერთ-ერთ მიტროპოლიტს უთხრა, რომ ის „ხელისუფლების მხრიდან იჩაგრება.“
შეგახენებთ, რომ ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. გავრცელებული ფაილები ცალკეული სასულიერო პირების პირად ცხოვრებასა და არასრულწლოვნების შესახებ ინფორმაციასაც შეიცავს.