ჩვენ მივეჩვიეთ რომ ვართ ღარიბი ხალხი, არადა სინამდვილეში ეს ყველაფერი არის ტყუილი, ჩვენ ვართ ძალიან მდიდარი ქვეყანა , უბრალოდ იმ შესაძლებლობებს, რომელიც გვაქვს არ ვიყენებთ სწორად, – ეს განცხადება პარტია “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ, პროგრამა “მტკვარი ხალხისთვის” წარდგენისას გააკეთა.
ანა დოლიძის გნაცხადებით, სფერო რომელსაც საქართველო არ იყენებს, ეს არის წყალი. “წყალში არის სწორედ კორუფცია; ჩაწყობა; ტყუილად დახარჯული ბიუჯეტის ფული; წყალში არის ზუსტად მოსახლეობის ინტერესების უგულვებელყოფა” – განაცხადა დოლიძემ.
მისი თქმით, თბილისის გარდა, ქუთაისი და შეიძლება ერთი, ორი ქალაქია, სადაც არის 24-საათიანი წყალმომარაგება.
“21-ე საუკუნეში ეს უბრალოდ სირცხვილია. თბილისში ძალიან მტკივნეული და მგრძნობიარე წერტილი გვაქვს მტკვარი. მტკვარი არის არაჩვეულებრივი რესურსი.”
ანა დოლიძემ ევროპაში მოპოვებულ მდინარის რესურსზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა დედაქალაქში ბოლომდეა მდინარე ათვისებული და გამოიყენება, როგორც განსაკუთრებული სატრანსპორტო და დასასვენებელი საშუალება.
“ჩვენ სად ვართ?! დედაქალაქში დღემდე არ დასრულებულა გამწმენდი ნაგებობების რეაბილიტაციის საკითხი, ამიტომ თბილისის კანალიზაცია, სამწუხაროდ, ისევ ამ მდინარეში ჩაედინება”
ანა დოლიძის განცხადებით, საზოგადოება ქომაგობდა რიონის გადარჩენას, როდესაც მტკვარია გადასარჩენი.
“მტკვარი შეიძლება იყოს არაჩვეულებრივი სატრანსპორტო კვანძი მარჯვენა სანაპიროდან მარცხენა სანაპიროზე მოსახვედრად და პირიქით “
“აქ შეიძლება მოეწყოს მშვენიერი სატრანსპორტო, ეკოლოგიურად სუფთა არტერია. ასევე მტკვარი არის არაჩვეულებრივი რეკრეაციული ზონა, სადაც გაკეთდება დასასვენებელი ადგილები, პლაჟები თბილისის მოსახლეობისთვის, ისევე როგორც არის ყველა ევროპულ დედაქალაქში. და, რა თქმა უნდა, მტკვარი არის არაჩვეულებრივი ტურისტული მიზიდულობის ძალა. მტკვარი რომ დღეს იყოს სუფთა, მოვლილი შეიძლება გახდეს ისეთი ტურისტული მიზიდულობის ცენტრები, რაც თბილისს კიდევ უფრო სასურველს გახდის ვიზიტორებისთვის. მტკვარი ჩვენია და მტკვარი უნდა იყოს ხალხისთვის,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.