LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილის დაბრუნება – იწყება თუ არა ახალი ეტაპი ქართულ პოლიტიკაში

„ჩემი პოლიტიკაში დაბრუნება არ იქნება სწორი, თუ ამის აუცილებლობა არ დადგა და ღმერთმა ნუ ქნას, დადგეს. მეორედ მოსვლას ვადარებ ჩემს მოსვლას. რაღაც უბედურება უნდა მოხდეს ამისთვის,“ – ეს სიტყვები ყოფილ პრემიერმინისტრს, ბიძინა ივანიშვილს, ეკუთვნის. ამ განცხადებიდან 3  და თანამდებობის დატოვებიდან 5 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. უახლოეს მომავალში მას „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარედ წარადგენენ და შემდეგ, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, გამორიცხული არ არის, სახელმწიფო თანამდებობაზეც ვიხილოთ.

 

კრიზისი „ქართულ ოცნებაში“

ბიძინა ივანიშვილის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღებას მმართველ გუნდში დაპირისპირება უძღოდა წინ. მოახდინა თუ მან არა ბიძინა ივანიშვილის გეგმებზე გავლენა,  რამდენად მწვავე იყო მმართველ გუნდში არსებული ვითარება და რა ფაქტორი აქვს  ბიძინა ივანიშვილის „მეორედ მოსვლას“ „ქართული ოცნების“ გადარჩენაში, ამაზე „ფორტუნასთან“ პოლიტიკის ექსპერტები საუბრობენ.

არსებული ვითარება რომ ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი მიზეზია ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნების, ამაზე პოლიტიკის ექსპერტები თანხმდებიან.  

თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ კულუარებიდან მთავრობის ეფექტიანად კონტროლი ბიძინა ივანიშვილს გაუჭირდა და ჩრდილიდან გამოსვლაც საჭირო ამიტომ გახდა.

„ქართულ ოცნებაში სერიოზული ვაკუუმია და უჭირთ წამოაყენონ საპრეზიდენტო კანდიდატი და აქ, ალბათ, ივანიშვილის ჩარევის გარეშე არაფერი გამოვა. ამასთან, ჩემი აზრით, ივანიშვილი უკმაყოფილოა მთავრობის მუშაობითაც. ასე მარტივად, შორიდან მთავრობის გაკონტროლება და თითების ქნევა არ გამოდის, ალბათ, მისი ახლოდან ჩარევაა, საჭირო,“ –  ამბობს თორნიკე შარაშენიძე.

ქვეყანაში და არა მხოლოდ „ქართულ ოცნებაში“ არსებულ კრიზისს  უკავშირებს ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას ვახტანგ ძაბირაძე.

პოლიტოლოგი ამბობს, რომ შესაძლოა, მოსახლეობა კონკრეტულად „ქართული ოცნების“ მიმართ მკვეთრად უარყოფითად განწყობილი არაა, მაგრამ ზოგადად საზოგადოებაში უარყოფითი მუხტი გროვდება და რადგან არც ოპოზიციაშია „კრიზისული ამომრჩევლისთვის“ მისაღები ძალა, შესაძლოა, ვითარება მკვეთრად უარყოფითად შეიცვალოს. ძაბირაძე მიიჩნევს, რომ სიტუაციის დარეგულირებისთვის ბიძინა ივანიშვილმა ამ გადაწყვეტილებით გარკვეული ნაბიჯი გადადგა.  

„სხვა ვითარებაა დღეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასე ქვეყნის გარეთ და სხვა იყო ვითარება, როცა ამბობდა, რომ ყველფერი კარგად არის და უბედურება თუ არ მოხდა, არ დავბრუნდებიო.  ამიტომ ერთმნიშვნელოვანად თქმა, რომ პარტიაში კრიზისის გამო დაბრუნდა ივანიშვილი პოლიტიკაში, არ იქნება სწორი.

„შესაძლოა, მოხდეს სრულიად მოულოდნელი რამ, რომ ასე მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იფეთქოს სიტუაციამ, რაც ყველას თავდაყირა დააყენებს. წლის ბოლომდე კიდევ შეიძლება, სიტუაცია ისე მოაბრუნოს კაცმა, რომ ქვეყანა კრიზისისკენ არ წავიდეს, მაგრამ თუ დაგვიანდა და წავიდა პროცესი, მისი შველა გამორიცხული იქნება,“ – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

განსხვავებული პოზიცია აქვს პოლიტიკის ექსპერტ ნიკა ჩიტაძეს, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ Freedom house- ის ანგარიშს იხსენებს, სადაც აღნიშნულია, რომ „ივანიშვილის პოლიტიკური ვენდეტები კვლავ მძიმე ტვირთად აწევს ქვეყანას“. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშს ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჯაროდ უნდობლობა გამოუცხადეს, ჩიტაძე მიიჩნევს, რომ მისი გათვალისწინება მაინც მოუხდათ.

„მიზანი ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების არის ის, რომ გაქარწყლდეს ის ხმები, რასაც საუბრობენ არაფორმალურ მმართველობაზე,“ – ამბობს ნიკა ჩიტაძე.  

მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირება სახეზეა, ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ის ივანიშვილის დაბრუნებასთან კავშირში ნაკლებად არის.

„ოცნება“ არის კრიზისში, მაგრამ ადამიანები, ვინც ნაკლებად ლოიალურობას გამოხატავენ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ხდება მათი ჩანაცვლება სხვა ადამიანებით. ივანიშვილს ამ დაპირისპირების პრობლემის მოგვარება ისედაც შეეძლო კულუარულად. 2013 წელს გადადგა პოსტიდან და ამის შემდეგ მართავდა 4 წლის განმავლობაში,“ –  ამბობს ნიკა ჩიტაძე.

 

ივანიშვილის ფაქტორი კრიზისის გადაჭრის პროცესში

2016 წელს საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ რიგებში ახალი სახეები გამოჩნდნენ და დაპირისპირებაც, სწორედ ძველსა და ახალ სახეებს შორის დაიწყო. მიუხედავად იმისა, თუ რამ განაპირობა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, ექსპერტები თანხმდებიან, რომ ეს ფაქტორი კრიზისის გადაჭრის პროცესში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.  ნიკა ჩიტაძე ვარაუდობს, რომ სიტუაცია ახალი სახეების სასარგებლოდ შეიცვლება.

„ივანიშვილის მხარდაჭერას, ალბათ, კობახიძის გუნდი მოიპოვებს, გაცილებით ლოიალურია ივანიშვილთან,“ –  ამბობს ნიკა ჩიტაძე.

საკანონმდებლო ორგანოში გავლენის განაწილების მიმართულებით რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ელოდება თორნიკე შარაშიძე და ამბობს, რომ, სავარაუდოდ, ცვლილებები მთავრობაში იქნება. შარაშენიძე ამბობს, რომ დაპირისპირებას ადგილი მხოლოდ პარლამენტში არ ჰქონია და ამ კუთხით ინფრასტრუქტურის მინისტრის გადადგომა და გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის მოლოდინიც უნდა გავიხსენოთ.

„ვის წინააღმდეგ არის ივანიშვილის დაბრუნებით ნაბიჯი გადადგმული, ამის პროგნოზზე ნუ ვიჩქარებთ. მე ველოდები წმენდას, მაგრამ არა პარლამენტში რომელიმე ჯგუფის წინააღმდეგ, არამედ მთავრობაში. 

„რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილთან კავშირებს, ორივე ჯგუფში არიან ადამიანები, რომლებსაც პირდაპირ კავშირი აქვთ მასთან. როგორ მე ვიცი, უშუალო კონტაქტი აქვს მასთან კობახიძეს და ძველებიდან, სიტყვაზე, ბესელიას,“ – ამბობს თორნიკე შარაშენიძე.

ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ პარტიის სათავეში ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ „გუნდებზე საუბარი დასრულდება“.

 

სახელმწიფო თანამდებობა

მას შემდეგ რაც პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა პრეზიდენტმა „ხასიათი გამოავლინა“, პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი ყველასთვის ცხადი გახდა.

როგორც თორნიკე შარაშიძე ამბობს, კანდიდატზე შეთანხმება რთულდება, ამიტომ არ გაუკვირდება, თუ პრეზიდენტობის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილის დასახელდება და არც იმას გამორიცხავს, რომ ივანიშვილი კვლავ პრემიერის პოსტს დაუბრუნდეს.

„ლოგიკურად, კანდიდატად უნდა დასახელებულიყო გიორგი კვირიკაშვილი, მაგრამ ის არ სახელდება, აშკარად ურჩევნია დარჩეს პრემიერმინისტრად. შესაბამისად, სხვა კანდიდატზე შეთანხმება ჭირს იმიტომ, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ადამიანი, ვისაც უცხოეთში აქვს კარგი კავშირები და ერთგულია ივანიშვილის. კვირიკაშვილი ამ მხრივ შეეფერებოდა ამ სამსახურს.

„რაც შეეხება უცხოეთში კავშირებს, თუ ბიძინა ივანიშვილი იქნებოდა კანდიდატი, არ არის პრობლემა – თავის თავს ენდობა,“ –  ამბობს შარაშენიძე.

ქვეყანაში კრიზისზე საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე აღნიშნავს, რომ საზოგადოებისთვის პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნება ბევრს არაფერს ცვლის, მაგრამ აჩენს იმედს, რომ, თუ გადაიდგა პირველი ნაბიჯი, შეიძლება, გადაიდგას მეორეც, ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი პრემიერის პოსტს დაუბრუნდება. 

„ივანიშვილს სიამოვნებს პარტიის თავმჯდომარეობაო, ამის თქმა, მგონი, სწორი არ იქნება, მან გადადგა პირველი ნაბიჯი, ჩრდილიდან გამოვიდა და მეორე ნაბიჯი, უნდა ეს თუ არა, იქნება მისი გადაწყვეტილება, გახდეს პრემიერი, სხვა გამოსავალი ამ ქვეყანას ამ წუთში არ აქვს. ჩვენი უბედურებაა, რომ სხვა ლიდერი ამ წუთში არ არსებობს, მაგრამ ფაქტია და ვერაფერს ვიზამთ,“ – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

განსხვავებული პოზიცია აქვს ნიკა ჩიტაძეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფო თანამდებობა არაფრისთვის სჭირდება.

„ჩემი აზრით, ის არ დაიკავებს სახელმწიფო თანამდებობას. საპრეზიდენტო არჩევნებში მგონია, რომ არ მიიღებს მონაწილეობას და არც ქვეყნის პრემიერმინისტრი გახდება, ვინაიდან მას, ალბათ, ურჩევნია, გავლენა ჰქონდეს ქვეყნის პრეზიდენტსა თუ პრემიერმინისტრზე და გააჩნდეს პარტიული თანამდებობა და ამით ნაწილობრივ აიცილოს პასუხისმგებლობა მთავრობის საქმიანობაზე,“ –  ამბობს ნიკა ჩიტაძე.

 

პოლიტიკური სიტუაცია ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებული ეჭვები კიდევ ერთხელ დადასტურდა. პარტიის თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში ეს კითხვები მხოლოდ ნაწილობრივ მოიხსნება. ამ კონტექსტში ექსპრემიერის ნაბიჯს ექსპერტები დადებითად აფასებენ. თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ მისი დაბრუნების შემდეგ მინისტრები გარკვეული გადაწყვეტილებებს დროულად მიიღებენ. 

„როგორც მე ვუყურებდი და ჩემი პირადი გამოცდილებიდან უნდა გითხრათ, რომ მთავრობის წევრებს რაღაც გადაწყვეტილებების მიღების ეშინიათ, ვაითუ, ბიძინას არ მოეწონოსო. არადა, ბიძინას შეიძლება, სულ არ უნდა რაღაც პროცესში ჩართვა, მაგრამ მაინც ეშინიათ, ამიტომ სჯობს, უფრო ახლო კონტაქტში იყოს ხელისუფლებასთან, უფრო მალე მიიღებენ მინისტრები გადაწყვეტილებას, რადგან უმრავლესობა მათგან არ წარმოადგენს სერიოზულ ფიგურას და ერთ კაცზეა დამოკიდებული,“ – ამბობს თორნიკე შარაშენიძე.

როგორ შეიცვლება სხვა მხრივ ქვეყანაში ვითარება, ამაზე ნიკა ჩიტაძე ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს იხსენებს  და ამბობს, რომ ქვეყნის უკეთესობისკენ რადიკალური ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.

„ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ მაინცდამაინც დადებითს არაფერს უნდა ველოდოთ. როცა ის გახდა პრემიერმინისტრი, გახსოვთ, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2-ჯერ შემცირდა, 6.4%-დან 3.2% -მდე.  გარდა ამისა, დემოკრატიის მიმართულებითაც არ ჰქონდა ადგილი პროგრესს.  გახსოვთ, რომ საკრებულოში მოხდა ადამიანების შეჭრა, რასაც მმართველი ძალა უწყობდა ხელს და შეიცვალა ძალით ადგილობრივი თვითმმართველობა. ან სიტყვის თავისუფლების კუთხით, როცა ივანიშვილი იბარებდა ჟურნალისტებს, ექსპერტებს და აძლევდა შენიშვნებს, თუ რატომ გამოხატა ამა თუ იმ ჟურნალისტმა თუ ექსპერტმა ესე თუ ის კრიტიკული აზრი ხელისუფლების მიმართ, ამიტომაც მე მგონია, ვითარება უკეთესობისკენ არ შეიცვლება, შეიძლება, შეიცვალოს მათთვის, ვისაც ივანიშვილი აფინანსებს, ან ვისაც სურს მისგან დაფინანსების მიღება,“ – ამბობს ნიკა ჩიტაძე.  

უახლოეს დღეებში „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, შემდეგ კი ყრილობა, სადაც პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურას წარადგენენ. „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობაც უნდა აირჩიოს.

 

 

თაკო ივანიაძე 

magti 5g