წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის და მისი უსაფრთხოების წესების დარღვევა 1 000 ლარიდან 3 000 ლარით დაჯარიმდება. ცვლილება “ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსით“ შედის, პროექტის განმარტებით ბარათში ხაზგასმულია, რომ ყოველწლიურად, საცურაო სეზონზე უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო, ადამიანის დაღუპვის ფაქტები ფიქსირდება. გარდა ამისა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლისთვის საქმინობაში ხელის შეშლა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
“პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტზე მისულ სამსახურის მოსამსახურეებს ობიექტის შემოწმებაში ხელი ეშლებათ. კერძოდ, ობიექტის თანამშრომლები უარს უცხადებენ ობიექტზე მათ დაშვებაზე. ამდენად, მოცემული პრობლემის გადაჭრის მიზნით, პროექტში ასახულია შესაბამისი ცვლილება, რომლის დარღვევაც იწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით“, – ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ ემატება ასევე ხანძრის ჩაქრობისათვის აუცილებელი საშუალების – ჰიდრანტის გამოყენების უზრუნველყოფისათვის სამართალდარღვევის სახე. კერძოდ, წყალსადენის ქსელის მფლობელის ან ექსპლუატაციის გამწევი ორგანიზაციის მიერ , სახანძრო ჰიდრანტების მოვლა-პატრონობისათვის დადგენილი წესების დარღვევა ან შეუსრულებლობა გამოიწვევს გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000-დან 5 000 ლარამდე.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მოამზადა, რომელიც ინიცირებისთვის მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.