საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამის შესახებ იმსჯელეს.
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობას და ინტეგრირებულ მართვას ითვალისწინებს. ამ პროექტისთვის უკვე მომზადდა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები. გეგმის თანახმად, მოეწყობა ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელი, აშენდება გადამტვირთი სადგურები და კომპოსტირების პილოტური ქარხანა. პროექტი ასევე ითვალისწინებს დასუფთავების მანქანების შეძენასა და არსებული ნაგავსაყრელების დახურვას. პროექტის დასაფინანსებლად გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი 30 მილიონ ევროს გამოყოფს.
„KfW საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მის საქვეუწყებო ორგანიზაციებთან მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მომავალში თანამშრომლობის გაფართოება იგეგმება. მყარი ნარჩენების მართვა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა. საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ნაგავსაყრელების მოწყობა მნიშვნელოვანია როგორც მოსახლეობის სანიტარული პირობების, ისე ზოგადი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.