არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი ევროპული კინოდაჯილდოვების ნომინანტია ფილმით ,,დასაწყისი”. ევროპულმა კინოაკადემიამ დღეს, 12 ოქტომბერს გამოაქვეყნა ნომინაცია EUROPEAN DISCOVERY 2021 – Prix FIPRESCI-ის ნომინანტები. ამ ნომინაციაში ჯილდოვდებიან რეჟისორები მათი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ნომინანტების განსაზღვრაში ევროპული კინოაკადემიის ბორდის სხვა წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ქართველმა პროდიუსერმა ვლადიმერ კაჭარავამ.
ნომინანტი ფილმები უახლოეს პერიოდში ხელმისაწვდომი იქნება ევროპული კინოაკადემიის VOD პლატფორმაზე, სადაც მათ კინოაკადემიის 4000-ზე მეტი წევრი იხილავს. გამარჯვებული გამოვლინდება ევროპული კინოდაჯილდოვების 34-ე ცერემონიაზე, რომელიც 11 დეკემბერს გაიმართება.
ევროპის კინოაკადემიის დაჯილდოვების ცერემონია ერთ-ერთი უდიდესი კინომოვლენაა, რომელსაც ევროპაში წლიდან წლამდე დიდი ინტერესით ელიან. იგი ევროპული კინოს ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევრებს აფასებს.