ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ ბუნებრივი აირის მომარაგების სისტემებზე, საფრთხეებსა და რისკების მართვაზე ილაპარაკა.
მისი თქმით, საქართველოს მასშტაბით ხორციელდება მონიტორინგი, თუმცა არსებობს რისკის ზონებად შეფასებული უბნები.
„რისკის ზონებად განიხილება კერძო დასახლებები ნაძალადევის რაიონში, ისანში, ნავთლუღის დასახლება, კიდევ ისეთი ტიპის ბარაკული დასახლებები, სადაც კუსტარულად არის მოწყობილი, როგორც შიდა ქსელი, ასევე იმ ტიპის დანადგარები, რაც სიცოცხლისთვის არის საშიში.
რაც შეეხება ახალ კორპუსებს, აქ საფრთხე უფრო ნაკლებია, ვინაიდან ფაქტობრივად აღმშენებლობა ვერ ჩაბარდება თუ გაზი სრულად მიყვანილი ვერ იქნება და ასევე, დეტექტორი ერთ-ერთი საუკეთესო დაცვის საშუალებაა.
უნდა ვიცოდეთ, როგორ მოვუაროთ გაზის დანადგარებს: ყოველი სეზონის დაწყებისთანავე შევამოწმებინოთ სპეციალისტებს. ასევე, აუცილებელია საცხოვრებელი ფართის ხშირი განიავება. სახლიდან გასვლის წინ აუცილებლად გადაამოწმებთ გაზის ონკანები. საფრთხის შემთხვევაში გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ საცხოვრებელი ფართი და დაუკავშირდით საავარიო სამსახურს“, – განაცხადა ენერგო ომბუდსმენმა.