„თბილისის პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებული 27-ვე პირი პატიმრობაში დარჩა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს ოთხმა მოსამართლემ მიიღო. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა.
გარდა ამისა, სხდომაზე მხარეების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის ძალაში დატოვებას მოითხოვდა.
ადვოკატების ნაწილი ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, ნაწილი კი მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. ეპიზოდზე, რომელშიც 27 ბრალდებულია, 53 დაზარალებულია. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.