22 ოქტომბერს რადიო ,,ფორტუნას” და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას ,,პულსი” იაშვილის კლინიკის კლინიკური დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ბატონი ივანე ჩხაიძე სტუმრობდა, რომელმაც პანდემიის ფონზე ბავშვების ჯანმრთელობაზე ისაუბრა.
– ბატონო ივანე, რა სიტუაციაა პედიატრიის დარგში არსებული რეალობის გათვალისწინებით?
– სამწუხაროდ, ბოლო დღეებში ინფიცირებულთა მკვეთრი მატების ფონზე დაავადებულ ბავშვთა რიცხვიც გაიზარდა და საერთო ჯამში 10-15 პროცენტი შეადგინა, რაც საკმაოდ ბევრია, თუმცა მხოლოდ მცირე ნაწილს ესაჭიროება სერიოზული მკურნალობა, გარდაცვლილთა რიცხვი კი, საბედნიეროდ – მინიმალურია, თუმცა მაინც მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს, რადგან ჯერ მხოლოდ მეხუთე ტალღის დასაწყისია. შესაბამისად ნაადრევია საუბარი სტაბილიზაციასა და დაავადებულთა რიცხვის შემცირებაზე, მით უფრო, რომ ზამთარი ტრადიციულად ვირუსული ინფექციების სეზონად ითვლება. სამწუხაროა, რომ ისედაც რთულ პერიოდში ძალიან მაღალია ინფიცირებულთა რიცხვი და საგანგაშოდ დაბალია ვაქცინირებულთა ოდენობა. სიმართლე ვთქვა, ვაქცინაციის დაწყების მომენტში ვერავინ ივარაუდებდა, რომ ასეთ მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით, რადგან პირველ დღეებში საქართველო ვაქცინირებული ქვეყნების ლიდერებს შორის იყო, ახლა კი, ყველაფერი პირიქითაა. იმედი გვქონდა, რომ წლის ბოლოს აცრილთა 60-პროცენტიან ნიშნულს გადავცდებოდით, თუმცა დღეს მოსახლეობის ნახევარიც არაა აცრილი, ამიტომ იმ ქვეყნებისგან განსხვავებით სადაც ვაქცინირებულთა რიცხვმა 80 პროცენტს გადააჭარბა, ჩვენ იძულებული ვართ დავაწესოთ შეზღუდვები, სხვადასხვა ტიპის რეგულაციები და ის 900 ათასი ადამიანი დავჩაგროთ, რომელიც აიცრა და მაქსიმალურად მომზადებული შეხვდა ვირუსის ახალ ტალღას. ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ვირუსის გადატანა და ბუნებრივი იმუნიზაციის შეძენა უფრო მართებულია, თუმცა სწორედ ამგვარ მოსაზრებას ეწირება დღეში 30-40 ადამიანი.

– საინტერესოა, რამდენად ხშირად ავადდებიან ბავშვები არავაქცინირებული მშობლების “დამსახურებით”?
– მართალია, ყოველ კვირას განსხვავებული ციფრია, მაგრამ მონაცემები მაინც 80-95 პროცენტს შორის მერყეობს. მეტიც, აბსოლუტური უმრავლესობა სახლში, საკუთარი ოჯახის წევრების წყალობით დაინფიცირდა. ნამდვილად არ მესმის იმ ადამიანების, ვინც გულგრილობის თუ სიჯიუტის გამო დაუფიქრებლად წირავს საკუთარ შვილებს და შვილიშვილებს. არ მესმით, რატომ ვერ ხვდებიან ეს ადამიანები რამდენად რთული გადასატანია ვირუსი, არადა პირიქით უნდა იყოს, ვაქცინაცია სწორედ მათთვის უნდა იქცეს პრიორიტეტულად, ვისაც ოჯახში პატარა ბავშვი ჰყავს. ძალიან მაღალია გარდაცვლილთა რიცხვი ხანდაზმულთა შორისაც, ასაკოვანი მოსახლეობის თითქმის 35 პროცენტი დაიღუპა, რადგან ვერ შეძლო ქრონიკულ დაავადებებთან ერთად ვირუსის დაძლევა.

– ბავშვების მშობლებისთვის თუ გიკითხავთ, რატომ არ ჩქარობენ აცრას?
– ჩვენ მეტწილად პოსტკოვუდურ გართულებებს ვმკურნალობთ, რომელიც ვირუსის გადატანიდან დაახლოებით 2-4 კვირაში ვითარდება და საკმაოდ მძიმე ფორმით მიმდინარეობს. თავისუფლად შეიძლება კორონამ უსიმპტომოდ ჩაიაროს, მაგრამ გართულებებია ძალიან მძიმე, რადგან ბავშვს რამდენიმე დღის მანძილზე აქვს მაღალი ტემპერატურა, კანზე გამონაყარი და ღებინება, კონიუქტივიტი, სახსრების და მუცლის ტკივილი. ასეთი პაციენტების მართვა სახლის პირობებში შეუძლებელია, რადგან მათ სპეციალიზირებული მულტიპროფილური კლინიკა და ერთდროულად სხვადასხვა პროფილის რამდენიმე პეციალისტის მეთვალყურეობა სჭირდებათ. რა თქმა უნდა, ასეთი პაციენტების მშობლებს პირველ რიგში ვაქცინაციაზე ვეკითხებით, თუმცა მეტწილად ერთსა და იმავე პასუხს ვღებულობთ – რატომღაც ყველა აპირებდა აცრას, მაგრამ ვერავინ ვერ მოასწრო. სინამდვილეში ასეთ მშობლებს თვითონ ვაქცინაცია აფრთხობთ, რადგან სოციალურ ქსელში ამოკითხული ინფორმაციით მსჯელობენ მის ავკარგიანობაზე. ბევრს ჰგონია, რომ ძლიერი იმუნიტეტის წყალობით შეძლებს დაავადების დაძლევას, თუმცა მსგავსი არგუმენტი მხოლოდ ილუზია და თავის მოტყუებაა.

– სულ ცოტა ხნის წინ განახლდა სწავლა. რამდენად მომზადებული შეხვდნენ სასწავლო პროცესს პედაგოგები და რამდენად იცავს მათი ვაქცინაცია ბავშვებს?
– საბედნიეროდ, პედაგოგები სხვებზე აქტიურად ჩაებნენ ვაქცინაციის პროცესში. მართალია, საგანმანათლებლო სისტემას ვერ ჩავთვლით აბსოლუტურად უსაფრთხოდ, მაგრამ აცრილ პედაგოგთა 90 პროცენტი მაინც საოცრად კარგი მაჩვენებელია. მიხარია, რომ პედაგოგებმა ასეთი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და საკუთართან ერთად იმ ათეულობით ბავშვის ჯანმრთელობასაც გაუფრთხილდნენ, ვისთანაც ყოველდღიურად აქვთ კონტაქტი. აუცილებლად ხაზგასასმელია, რომ ვირუსი სიმპტომების გამოვლენამდე ორი დღით ადრე უკვე გადამდებია, ამიტომ ისეთ დახურულ სივრცეში, როგორიც სკოლაა, ერთმა ინფიცირებულმა თავისდაუნებურად შეიძლება დააინფიციროს ათეულობით ადამიანი.
– მართალია, ბევრი იცრება, მაგრამ მაინც ვერ გრძნობს თავს დაცულად, რადგან უამრავი აუცრელი ნაცნობი ჰყავს,
– მეც ხშირად მსმენია მსგავსი არგუმენტი, როცა ადამიანები ჩივიან, რომ თვითონ აიცრა, მაგრამ მის გარშემო მაინც უამრავი აუცრელია, არიან ისეთები, ვისაც არგუმენტად აცრილი ნაცნობის დაინფიცირება მოჰყავს და სწორედ ამიტომ ამბობს უარს ვაქცინაციაზე. ამ შემთხევავაში მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია, ვაქცინირებული ადამიანი არც სხვისთვისაა სახიფათო და თვითონაც უფრო დაცულია, ინფიცირების შემთხვევაში კი, დაავადების მსუბუქად გადატანის უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე არავაქცინირებულს. მეტიც, აცრილი პაციენტი არასდროს მოხვდება კლინიკაში, მაშინ როცა აუცრელს არა მხოლოდ დაავადების მძიმე ფორმა, არამედ გარდაცვალება ემუქრება.
