აქტივისტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მმართველ გუნდში ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მუშაობა განახლდა, მათთვის უცნობია შეთანხმების დეტალები.
“მოგესალმებით მეგობრებო, დღეს 26 მაისია, ქვეყანა 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან 100 წლის იუბელეს აღნიშნავს, გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს, თუმცა ჩვენ, ზუსტად 2 კვირის წინ უმიზეზოდ დარბეულ და ღირსებაშელახულ ადამიანებს, არაფერი გვაქვს საზეიმო. 12 მაისის ღამემ საბოლოოდ დაგვანახა, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები არ ვართ დამოუკიდებელნი სისტემის ტერორისგან, ძალაუფლების სამარცხვინო სცენარებისგან, დაშინებისა და შანტაჟის პოლიტიკისგან.
თავშივე აღვნიშნავთ, რომ ხვალინდელი, 27 მაისის რეივ-აქცია, არ არის თეთრი ხმაურის მოძრაობის აქცია, ის საკლუბო სცენის ღონისძიებაა, რომელსაც მხარს ვუჭერდით, როდესაც “ბასიანის” კარის გახსნისთვის იმართებოდა და მხარს ვუჭერთ დღესაც, როდესაც აქციამ საზოგადოებისა და სცენის ერთიანობის მანიფესტაციის სახე მიიღო. შეწყვეტილი და დარბეული ცეკვის ფონზე ეს რეივ-აქცია პოლიტიკური აქტია.
ცალსახაა, “ბასიანის” დაბრუნებას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა და დადებითად უნდა შეფასდეს. ეს დაბრუნება “ბასიანის”, არა როგორც ბიზნეს სუბიექტის, არამედ იმ სივრცის დაბრუნებაა, სადაც ადამიანები ძალადობრივი და უთანასწორო გარემოს წინააღმდეგ ერთიანდებიან, მხარს უჭერენ სოციალურ ცვლილებებს. შედეგი, პირველ რიგში, კრიტიკულ ვითარებაში გაერთიანებული სცენისა და იმ ათიათასობით ადამიანის დამსახურებაა, ვინც ერთგულად იცავდა სიმართლეს, იდგა საზოგადოებრივი ინტერესების სადარაჯოზე. ისიც ცალსახაა, რომ 12-13 მაისის მოვლენები გასცდა დარტყმის ობიექტად ქცეულ კლუბებსაც და პოლიციის ინსტრუმენტად ქცეულ ნარკოპოლიტიკასაც. დიახ, ჩვენ ბევრად ღრმა შინაარსის პრობლემების წინაშე დავდექით, ხოლო ტკივილი, რომელიც სისტემამ მოგვაყენა, კომპენსაციას არ ექვემდებარება და პასუხს მოითხოვს.
მიუხედავად იმისა, რომ მმართველ გუნდში ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მუშაობა განახლდა, ჩვენთვის უცნობია შეთანხმების დეტალები. ამ დრომდე არ შემდგარა შეხვედრა შინაგან საქმეთა და ჯანადცვის მინისტრებთან, რომლის სავარაუდო თარიღად მიმდინარე კვირის ბოლოა დასახელებული. მართალია, შეხვედრა პრინციპული მნიშვნელობისაა, თუმცა ვადის ამოწურვისთანავე ჩვენ ვწყვეტთ მოლაპარაკების მაგიდის ფორმატში მონაწილეობას.
მოძრაობის პრინციპული მოთხოვნაა, რომ ნარკოპოლიტიკის ცვლილების საკითხი საგაზაფხულო სესიას არ გაცდეს. ეს ცვლილებები პირველ რიგში იმისთვის გვჭირდება, რომ აღარ დავკარგოთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე.
პოლიციური კონტროლი, ტერორი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ხელყოფა, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვა, გაყოფილი და მანიპულირებადი საზოგადოება, დესტაბილიზაციის სცენარები, სამოქალაქო პროტესტს ჩასაფრებული ვიწრო პარტიული ინტერესები – ზედაპირზე ამოტანილი ეს საკითხები, ცხადია, გრძელვადიან და მეთოდურ მუშაობას საჭიროებს, სამოქალაქო აქტივისტურ ჯგუფებს კი ახალი სტრატეგიების მოძებნისკენ გვიბიძგებს. არავის გვაქვს ილუზია, რომ სისტემის ტრანსფორმაცია ერთი ან ორი აქციით მოხდება, ეს მუდმივი ბრძოლაა, რომელიც გააზრებულ და რაციონალურ მოქმედებებს მოითხოვს.
ვიდრე რეპრესიული აპარატი არ წყვეტს მოქალაქეთა ცხოვრების ხელყოფას და პოლიტიკური სისტემა ვერ პასუხობს კითხვებს: რა ნივთიერებამ მოკლა ადამიანები, ვინ იდგა ამის უკან, რატომ იქცნენ კლუბები დარტყმის სამიზნედ, რატომ შევარდა შეიარაღებული სპეცრაზმი მშვიდობიანი მოქალაქეების დასარბევად, რატომ დააკავეს ადამიანები და არ მისცეს პროტესტის გამოხატვის საშუალება, ვინ არის პასუხისმგებელი? – ვერაფერი გაანელებს ჩვენს ბრაზსა და უნდობლობას.
და ბოლოს, გვინდა გთხოვოთ, არ აჰყვეთ ნიჰილიზმს, არ აჰყვეთ უნდობლობის დათესვის მცდელობებს, უკმაყოფილების განცდა გადატანილი სტრესული დღეებისა და პერიპეტიების ფონზე ბუნებრივია. ჩვენ ვალდებულნი ვართ გავძლიერდეთ, რადგან ჩვენი ამოცანა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, თანასწორი და თავისუფალი გარემოსთვის, საზოგადოების წინაშე არსებული სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა სისტემური პრობლემების გადაჭრისთვის ბრძოლაა. ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ, ვმუშაობთ მომავლის გეგმებზე და ვემზადებით ახალი ტალღისთვის.
კიდევ ერთხელ, მადლობა თითოეულ მხარდამჭერს ერთგულად გვერდში დგომისთვისა და მძიმე პასუხისმგებლობის გაზიარებისთვის”- ნათქვამია თეთრი ხმაურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.