პარტია “ლელოს” წევრი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი ლანდის ეშინია. როგორც გეგელია ამბობს, სხვანაირად ვრ აიხსნება უგუნური და ანტისახელმწიფოებრივი ქცევა, როდესაც ვეყანაში უკრაინის მოქალაქეებს არ უშვებენ.
გეგელიას განცხადებით, საქართველოს მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოს მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთაზე უარის უსაფუძვლოდ განცხადება, მძიმედ აისახება ორი სახელმწიფოს მჭიდრო სტრატეგიულ ურთიერთობებზე:
“ამგვარი პრაქტიკა საუკეთესო დასტურია იმ მორალური დეფორმაციის, რასაც “ქართული ოცნება” წარმოადგენს. ყველას მინდა შევახსენო, რომ სწორედ ამ ხელისუფლებამ შემოუშვა საქართველოში ქართველოფობი გავრილოვი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უგულვებელმყოფები პოზნერი, ლუჟკოვი და არაერთი სხვა. სამაგიეროდ, იგივე ხელისუფლება დღეს სახელმწიფოში არ უშვებს დიმიტრი გორდონს, საქართველოს გულშემატკივარსა და ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესების აქტიურ დამცველს.
დღეს ჩვენ ხელახლა ვნახეთ, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება ჩამოშლის პირას იმყოფება. ეს არის ხელისუფლება, რომელიც დარჩა სრულიად იზოლირებული, თავისივე პრეზიდენტის, საზოგადოებისა და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭრის გარეშე. აგონიაში მყოფ “ქართულ ოცნებას”, რომელიც მალე ყველა დიდ ქართულ ქალაქში დამარცხდება, ისღა დარჩენია, რომ თავისი პოლიტიკური ცხოვრების ბოლო წუთები და საათები შიშში გალიოს.” – განაცხადა გეგელიამ.
შეგახსენებთ:
უკრაინელი ჟურნალისტი, დიმიტრი გორდონი აცხადებს, რომ იგი თბილისში არ შემოუშვეს.
ასევე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენ გრუშოვეცი აცხადებს, რომ ქართული სტუმართმოყვარეობა საკუთარ მაგალითზე გამოსცადა, ის სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში არ შეუშვეს