LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ალაფიშვილი ხელისუფლებას და ოპოზიციას: „ყველას მოვუწოდებ შეცდომების აღიარებისკენ, ერთმანეთისკენ გზების ძიებასა და რაც მთავარია კონსენსუსის პოვნისკენ!“

91
fgewgew

„ყველას მოვუწოდებ შეცდომების აღიარებისკენ, ერთმანეთისკენ გზების ძიებასა და რაც მთავარია კონსენსუსის პოვნისკენ, იმიტომ, რომ ჩვენ შეიძლება იგივე შეცდომა გავიმეოროთ, რაც ჩვენი სახელმწიფოებრიობის პირველ ეტაპზე დავუშვით, ეს იარები დღემდე ვერ მოგვიშუშებია პირველ პრეზიდენტთან მიმართებაში განსაკუთრებით,“-ამის შესახებ ანალიტიკოსმა, იურისტმა ლევან ალაფიშვილმა რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი კონსენსუსის მიღწევაა.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმ პოლიტიკურ ვითარებას, რომელიც არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდა და უპირველეს ყოვლისა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ციხის საავადმყოფოდან სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის საკითხს უკავშირდება ?

„არ არის მარტივი მოცემულობა, თუმცა ყველას ორივე მხარეს მოუწევს მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენა, დაფიქრება სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საფრთხეებზე, რომელშიც გვიწევს ცხოვრება, როგორც ქვეყნის შეგნით ასევე ქვეყნის გარეთ (არ დავკონკრეტდები) და ისე მოქმედება.

ერთმანეთს რომ მივცეთ შანსი ყველამ ერთად, რომ მივიღოთ გადაწყვეტილებები ერთმანეთისკენ სავალი და არა ერთმანეთის გამყოფი.

როგორც დღეს უკრაინის მოქალაქე, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, მისი მხარდამჭერების მხრიდან, ასევე პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხრიდან არის ეს ყველაფერი კარგად გასააზრებელი და ისე მისაღები გადაწყვეტილებები.

ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა ბრიფინგზე ისაუბრა სააკაშვილთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „ექსპრეზიდენტი ვერ იქნება რიგითი პატიმარი, იგი განსაკუთრებული პატიმარია – ჩვენი ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, თუ როგორ მოვეპყრობით მას და როგორ იქნება მისი ღირსება დაცული“

როგორ აფასებთ პრეზიდენტის ამ განცხადებას, ბატონო ლევან? თუ კი სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარია, რატომ არ ეძლევა მას მულტიფუნქციურ კლინიკაში გადასვლის შესაძლებლობა, თუნდაც ეს უსაფრთხოების განსაკუთრებული დაცვით მოხდეს?

საქმე გვაქვს კონკრეტულ საფრთხეებთან თუ ხელისუფლება არ ცვლის უბრალოდ თავის პოზიციას ?

„სწორედ ეს ვიგულისხმე საკითხის ზედმეტად პოლიტიზირებულობაში, ვიწროპარტიული კუთხიდან საკითხის ხედვაში.

სამწუხაროდ, ჩვევად იქცა ქართულ პოლიტიკაში, რომ რთულად გამოდიან პოლიტიკოსები ვიწრო ჩარჩოდან. ეს დამღუპველია, უნდა ვისწავლოთ, რომ არის საკითხები, რომლებიც პარტიულ და სუბიექტურ საკითხებს სცდება.

როდესაც მოუწოდებ ორივე მხარეს ერთმანეთისკენ სავალი გზებისკენ, თუნდაც დიალოგით და დათმობის გზით, ორმხრივი კომპრომისით და კონსენსუსის გზით რომ უნდა იარონ, მე გრძელვადიანი პერსპექტივა უფრო მაფიქრებს, ვიდრე თუნდაც დღევანდელი ძალიან მწვავე, მაგრამ არსებული მოცემულობა.

აქედან შეგვიძლია ჩვენ დავიწყოთ, შეიძლება გარკვეულწილად კარგიც იყოს, მაქსიმალური ფართო კონსენსუსის მისაღწევად, იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებს.

კოვიდი, ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობა, პოლიტიკური პოლარიზაცია, საგარეო საფრთხეები, უშუალო სამეზობლოში და გლობალურად, მათ შორის ევროპაში.

საქართველო მაღალი ლეგიტიმაციის, საერთო კონსენსუსის გარეშე ამ საფრთხეებს ვერ გაუმკლავდება.

ვერცერთი პოლიტიკური ძალა ამ საფრთხეებს ვერ გაუმკლავდება.

მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ საზოგადოების ჩართულობა ყველა ფენამ, პოლიტიკოსებმა მარტო კი არა, მარტო პარლამენტში წარმოდგენილებმა კი არა ყველამ ერთად მაქსიმალური ჩართულობით უნდა დავიწყოთ ერთმანეთისკენ სიარული, მათ შორის დათმობების გზით.

თქვენ ბრძანეთ სახელმწიფოს მეთაური, სახელმწიფოს მეთაურსაც და პარლამენტსაც შეიძლება მიეცეს შესაძლებლობა ამ პირობებში, თუკი ორივე მხარე რეალური კონსენსუსისკენ დაიწყებს სიარულს, იგივე კანონში ცვლილებით, საქმეების განახლების კუთხით, თუნდაც ყოფილ პრეზიდენტთან მიმართებაში, სამართლიანი სასამართლოს უფლების უფრო უკეთესად მისთვის გარანტირებით.

თუკი ყოფილი პრეზიდენტი მოინანიებს, ანუ საყოველთაო მონანიების თუ შეცდომების აღიარების კონტექსტში, შესაძლებელია სახელმწიფოს მეთაურმა გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული შეწყალების უფლება.

ჩვენი სახელმწიფოებრიობა დგას სასწორზე. ბოლო პერიოდის განმავლობაში, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები გავანაწყენეთ, ჩვენი ინსტიტუციური დემოკრატია გავანადგურეთ, პრაქტიკულად, ინსტიტუტი არ დარჩა, რომელიც დისკრედიტირებული არ არის და პოლიტიკურად მიკერძოებული არ არის.

ჩვენ რომ ნდობით მოსარგებლე სასამართლო გვყოლოდა, თუნდაც დღევანდელი მოცემულობა ხომ არ გვექნებოდა?

კითხვის ნიშნები ხომ არ იქნებოდა? სასამართლოს ხომ ვერავინ გაუბედავდა, რომ არათუ პრეზიდენტს, არამედ რიგით პატიმარს არ მოგიყვან სხდომათა დარბაზსშიო? ამას ხომ ვერავინ გაბედავდა?

სამწუხაროდ, ეს არის მოცემულობა, მოცემულობა კარგად უნდა გავიაზროთ, დავიწყოთ ერთმანეთისკენ სიარული და საბოლოო ჯამში, გადავარჩინოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა.

წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ ვიმეორებ, ვერცერთი პოლიტიკური ძალა დამოუკიდებლად ვერ გაართმევს თავს იმ გამოწვევებს, რომელის წინაშეც ვდგავართ და კიდევ უფრო დავმძიმდებით ზამთარში და გაზაფხულზე განსაკუთრებით.

შეიძლება არჩევნებში გამარჯვება მოკლევადიანი პერსპექტივით ვიღაცას ტკბობის საშუალებას აძლევს, თუმცა პოლიტიკური ლეგიტიმაცია ამ მასშტაბის გამოწვევებთან საკმარისი მას არ აქვს, შესაბამისად, ეს ყველამ ერთად უნდა გავაცნობიეროთ და ისე მივიღოთ გადაწყვეტილებები.

ყველას მოვუწოდებ, შეცდომების აღიარებისკენ, ერთმანეთისკენ გზების ძიებასა და რაც მთავარია კონსენსუსის პოვნისკენ, იმიტომ, რომ ჩვენ შეიძლება იგივე შეცდომა გავიმეოროთ, რაც ჩვენი სახელმწიფოებრიობის პირველ ეტაპზე დავუშვით და ეს იარები დღემდე ვერ მოგვიშუშებია, პირველ პრეზიდენტთან მიმართებაში განსაკუთრებით,“- განაცხადა ლევან ალაფიშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g