LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმპტომები, რომელიც შესაძლოა, კუჭის კიბოზე მიანიშნებდეს – რატომ არის მნიშვნელოვანი დროული დიაგნოსტირება

181
likakacelashvilishow

 გადაცემის ლაივი LIVE

როგორც ცნობილია, მთელს მსოფლიოში ნოემბერი გახლავთ კუჭის კიბოს ცნობადობის ამაღლების თვე, ამასთან დაკავშირებით რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ კავკასიის მედიცინის ცენტრის კლინიკური ონკოლოგი ლიკა კაცელაშვილი სტუმრობდა, რომელმაც ისაუბრა კუჭის კიბოს შესახებ და იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა.

-ქალბატონო ლიკა, რას წარმოადგენს კუჭის კიბო, როგორია სტატისტიკური მონაცემები, რამდენად აქტუალურია ეს პრობლემა მთელს მსოფლიოში და რა ხდება ამ მხრივ საქართველოში?

-პირველ რიგში, რადგან ნოემბერი კუჭის კიბოს ცნობადობის ამაღლების თვე გახლავთ, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების დაავადების შესახებ ინფორმირება, რადგან ეს ყველაფერი შეიძლება გახდეს იმის საბაბი, რომ პოტენციურმა პაციენტმა დროულად მიმართოს ექიმს და შესაბამისად დროულად მოხდეს დიაგნოზის დასმა. კუჭის კიბო საკმაოდ ხშირი დაავადება არის ონკოლოგიაში და ის იკავებს მეხუთე ადგილს როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად 25 000-დან 26 000-მდე ახალი შემთხვევა გვხვდება. საქართველოში გასულ წელს  500-დან 600-ახალი შემთხვევა იყო. სამწუხარო რეალობა არის ის, რომ საქართველოში ძირითადად დაგვიანებულ სტადიაზე მოგვმართავენ, ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ გავაჟღერო, რომ ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი კუჭის კიბოს მკურნალობა ხშირ შემთხვევაში სრული განკურნებით სრულდება.

-საინტერესოა გეოგრაფიულ-ეპიდემიოლოგიური მონაცემები. არსებობს თუ არა მსოფლიოში გარკვეული თავისებურებები გავრცელებასთან დაკავშირებით და არის თუ არა რაიმე მსგავსი საქართველოში ?

-დიახ, მართალს ბრძანებთ. გეოგრაფიის მიხედვით  მდგომარეობა განსხვავებულია. მაგალითად, იაპონიაში წლების წინ აღმოაჩინეს, რომ მთელს მსოფლიოსთან შედარებით  ძალიან მაღალი ავადობა ჰქონდათ. გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ მათ გენეტიკურად   აქვთ ძალიან მაღალი რისკი, გენეტიკური წინასწარგანწყობა. ამიტომ, იაპონიამ შექმნა სკრინინგი და სკრინინგული გამოკვლევები, რისი მეშვეობითაც ფაქტობრივად ნულოვან, ან იშვიათად პირველ სტადიაზე ხდება აღნიშნული დაავადების აღმოჩენა. შესაბამისად, მათ დაავადების ადრეულ ეტაპზე გაკონტროლება შეუძლიათ. შეიძლება ითქვას, რომ იაპონიაში  უკვე ძალიან იშვიათია ამ დაავადების აღმოჩენა, რადგანაც ჯანდაცვა ავალდებულებს ზრდასრულ ადამიანებს მიმართონ სკრინინგ გამოკვლევებს და შესაბამისად თავიდან აიცილონ ასეთი მძიმე დაავადება. როგორც აღვნიშნე, კუჭის კიბო ავადობის მიხედვით მეხუთე ადგილს იკავებს, სიკვდილიანობის მიხედვით კი მესამე ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა კიბოებთან შედარებით უფრო მეტად აგრესიულია.

-გამომდინარე იქიდან, რომ სკრინინგული კვლევა ჩვენთან არ ტარდება, რა შეიძლება ვუთხრათ ადამიანებს, როგორ უნდა მოხდეს დაავადების დროულად  დიაგნოსტიკა, რომ  შემდეგ უკვე დროულად მოხდეს შესაბამისი მკურნალობის დაწყება?

-კუჭის კიბო ესე მოულოდნელად ერთ დღეს არ ვითარდება, მას წინ უძღვის  სხვადასხვა ფაქტორები. ხშირ შემთხვევაში, კუჭის კიბოს განვითარებას შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე თვიდან, რამდენიმე ათეულ წლამდე. შეიძლება 10-20 წლის განმავლობაში ადამიანს კუჭის ქრონიკული ანთებითი პროცესი ჰქონდეს, ასევე, შეიძლება იყოს ჰელიკობაქტერიის მატარებელი, რაც მუდმივად იწვევს კუჭის პრობლემებს. საქართველოში ამ პრობლემებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენისას ადამიანები ხშირად თვით მკურნალობას მიმართავენ  და ამის გამო ხდება დროული მკურნალობის შანსის ხელიდან გაშვება და ყალიბდება კუჭის კიბო. ამიტომ, ის სიმპტომები, რომელიც ახასიათებს ქრონიკულ კუჭის ანთებით პროცესებს უნდა იყოს ყურადღება გამახვილებული, ექიმთან მიმართვიანობა უნდა იყოს დროული, რომ ადრეულ ეტაპზე გამოვავლინოთ  კუჭის კიბო ან დაავადების წინა მდგომარეობა.

-რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და რა უნდა ჩავთვალოთ სასიგნალო ნიშნებად?

-თვითონ კუჭის კიბო ადრეულ ეტაპზე უსიმპტომოა. თუ კუჭის კიბო თავის სიმპტომს ავლენს ესე იგი დაავადება უკვე შორეულ ეტაპზეა  წასული. მაგრამ, მეორეს მხრივ ის სიმპტომები როგორიც არის, წონაში კლება, გულისრევის შეგრძნება, ადვილად დანაყრება,ზოგადი სისუსტე შეიძლება ახასიათებდეს კიბოს წინა მდგომარეობას. ამ ანთებითი პროცესებისას თუ დროულად მოხდება მკურნალობა ეს ყველაფერი ვერასდროს ვეღარ მივა კიბომდე. გასათვალისწინებელია, გენეტიკური ფაქტორიც, რაც უსიმპტომო პაციენტსაც ავალდებულებს, პერსონალურ პასუხისმგებლობას ანიჭებს მიმართოს ექიმს და პერიოდულად ჩაიტაროს გარკვეული პროფილაქტიკური გამოკვლევები.

-დავკონკრეტდეთ, რა შედის პროფილაქტიკურ გამოკვლევებში ?

-იდეალურია ენდოსკოპიური გამოკვლევა, რომელიც შიგნიდან ათვალიერებს კუჭს. რადგანაც, კუჭის კიბო ძირითადად შიდა შრეებიდან ვითარდება. ბევრი პაციენტი გამოკვლევაზე უარს არასასურველი შედეგის გაგების შიშით აცხადებს, თუმცა მათ ავიწყდებათ რამდენად მნიშვნელოვანია დაავადების დროულად აღმოჩენა.

-რა სიტუაცია გვაქვს დიაგნოსტიკის მიხედვით საქართველოში? ძირითადად რა სტადიაზე ხდება დაავადების იდენტიფიკაცია? დაგვიანებული მიმართვიანობა ეფექტური მკურნალობის მხრივ რამდენად ართულებს სიტუაციას?

-სამწუხაროდ, მოგვიანებით სტადიაზე უფრო ხშირია მომართვიანობა. ძირითადად, მესამე-მეოთხე სტადიის დროს მოგვმართავენ პაციენტები, რაც რა თქმა უნდა, გამოსავალს ართულებს. თუ კი ადრეულ ეტაპზე  მკურნალობას პაციენტები ძირითადად სრული გამოჯანმრთელებით ასრულებენ, დაგვიანებული დიაგნოსტიკის შემთხვევაში მხოლოდ მათი სიცოცხლის გახანგრძლივება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ხდება.

-რაც შეეხება მკურნალობას, რა შესაძლებლობებს ფლობს 21-ე საუკუნის მედიცინა? და რა ხდება ამ მხრივ საქართველოში? რამდენად აქვთ ქართველ ონკოლოგებს შესაძლებლობა უზრუნველყონ თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი მკურნალობა?

-ზოგადად, კუჭის კიბოს მკურნალობის სამი მეთოდი არსებობს: ქირურგიული, მედიკამენტოზური და სხივური თერაპია. სამივე მეთოდი არის საქართველოში დანერგილი. მსოფლიომ ბოლო ათწლეულში შეცვალა მიდგომა და გარკვეულ ეტაპზე ოპერაციის წინ  ქიმიო თერაპია ტარდება. შესაბამისად, პაციენტები არ გადიან ერთ კონკრეტულ მკურნალობას, არამედ ხდება მკურნალობის მეთოდების კომბინაცია. დღესდღეობით, მსოფლიოში ახალი 349 კლინიკური კვლევა მიმდინარეობს და ძალიან მნიშვნელოვანია ის შედეგები, რასაც მსოფლიო გამოაქვეყნებს. ბოლო დროს,  ძალიან განვითარდა სამიზნე თერაპია, ასევე იმუნოთერაპია.

-ხშირად გვესმის ფრაზა „კიბო განაჩენი არ არის, კიბო დიაგნოზია“. რა შემთხვევაში არის კიბო უბრალოდ დიაგნოზი და არის თუ არა კიბო განკურნებადი?კონკრეტულად კუჭის კიბოსთან დაკავშირებით რა შეიძლება ვთქვათ ?

-ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ისევ და ისევ რა ეტაპზე მიმართავს ადამიანი ექიმს. თუ დროულად მოხდება ეს ყველაფერი კიბო იქნება სრულიად განკურნებადი. მაგალითად, იაპონიის შემთხვევაში ითვლება, რომ მათ კუჭის კიბო დაამარცხეს. კუჭის კიბოს მქონე პაციენტებში ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მათი 85% ჰელიკობაქტერიის მატარებელი იყო. შესაბამისად თუ ეს პაციენტები გაივლიდნენ დროულ 1 ან 2 თვიან სრულყოფილ მკურნალობას მათ არ ჩამოუყალიბდებოდათ კუჭის კიბო. შესაბამისად, თუ დასაწყისშივე აღმოიფხვრება ანთებითი პროცესები კიბო უბრალოდ ვერ ჩამოყალიბდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები