LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაფლის უვნებლობის მაჩვენებლებზე ახალი კვლევები დაინერგა

94

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიაში თაფლის კვლევების ჩამონათვალი გაიზარდა.

უწყების ცნობით, ლაბორატორიის სპეციალისტებმა შეისწავლეს და დანერგეს ახალი კვლევის მეთოდები, რომლითაც შესაძლებელია თაფლის უვნებლობის მაჩვენებლების განსაზღვრა.

„ამჟამად, ლაბორატორიაში საერთაშორისოდ აღიარებული კვლევების ჩამონათვალში თაფლის უვნებლობის 77 პარამეტრია შესული. პარალელურად, ლაბორატორიაში ტარდება თაფლის კვლევა ყველა ხარისხობრივ მაჩვენებელზე. ახლად დანერგილი კვლევების ჩამონათვალში შესულია შემდეგი პარამეტრები: ფოსფორორგანული და ქლორორგანული პესტიციდების ჯგუფი, ანტიბიოტიკების ჯგუფი, როგორიცაა ქლორამფენიკოლი, ტეტრაციკლინი, ნიტროიმიდაზოლები და სხვა. ამასთანავე, ლაბორატორია მომხმარებლებს სთავაზობს „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ნიმუშის მიღებას. ის პარამეტრები, რომლებიც ამ ეტაპზე არ არის დანერგილი ლაბორატორიაში, შესაძლებელია ჩატარდეს საზღვარგარეთის აკრედიტირებულ ლაბორატიორიაში, რომლის ტრანსპორტირების ორგანიზებას თავად ლაბორატორია მოახდენს და გასცემს ერთ საერთო ანალიზის პასუხს.

თაფლის გამოკვლევა უვნებლობის პარამეტრებზე ხდება მხოლოდ თბილისის ლაბორატორიაში, თუმცა მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 10 რეგიონში განლაგებულ ლაბორატორიაში დატოვოს ნიმუში, რომლის ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფს ლაბორატორია და კვლევის შედეგებს რეგიონში მცხოვრებ პირებს მიაწვდის ადგილზე”, – აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

მათივე ცნობით, ლაბორატორიაში კვლევების ნუსხას სხვა მიმართულების კვლევები ეტაპობრივად დაემატება. ლაბორატორიის თანამშრომლებს ახალი მეთოდების დანერგვის პროცესში დახმარებას საერთაშორისო ექსპერტები უწევენ.

ცნობისთვის, სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას 2013 წლიდან საერთაშორისო აღიარების მქონე მააკრედიტებელი ორგანოს მიერ ISO 17025 სტანდარტზე მიენიჭა საერთაშორისო აკრედიტაცია. 2018 წელს განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა რე-აკრედიტაციის პროცესი.  შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგები ვალიდურია (აღიარებულია) არა მარტო ქვეყნის მასშტაბით, არამედ საერთაშორისო დონეზეც. ამის დასადასტურებლად, ლაბორატორიის სპეციალისტები პერმანენტულად გადიან პროფესიულ ტესტირებებს. პროფესიული კომპეტენციის ტესტირების პროგრამა, ანუ გარე ხარისხის კონტროლის სქემებში მონაწილეობა, წარმოადგენს როგორც ლაბორატორიის მიერ დამკვეთისათვის კვლევის შედეგის უტყუარობის და ვალიდურობის ობიექტურ დადასტურებას, ასევე აკრედიტაციის შენარჩუნების ერთ-ერთ სავალდებულო პირობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები