კორონაპანდემიის დროს გამოწერილი ჯარიმები და მათ ბედი – მას შემდეგ, რაც მთავრობის გადაწყვეტილებით ე. წ. კომენდანტის საათის დროს დაკისრებული ფულადი ჯარიმები მოქალაქეებს ჩამოეწერა, გაჩნდა კითხვა, უკვე დაწყებულ დავებს რა ბედი ეწია, ასევე გრძელდება თუ არა ამ დრომდე დაჯარიმება ქუჩაში პირბადის გამოუყენებლობის გამო, რას ამბობს ამ ქეისებზე მომუშავე იურისტი ეკა ლომიძე – იურიდიული მომსახურების ცენტრ “სი ელ ესის” მმართველი პარტნიორი.
– პირველ რიგში გვითხარით, როგორ დასრულდა უკვე დაწყებული დავები?
– უკვე მეორე წელია, ფაქტობრივად, ამ ვითარებაში ვცხოვრობთ. ჯარიმებს რომ უწერდნენ იმ პერიოდში ბევრი შეტყობინება შემოდიოდა ჩვენთან. გასულ წელთან შედარებით მომართვიანობა შემცირება. შეიძლება ითქვას, რომ ერთეული შემთხვევებია. ეს გახშირებული იყო, როცა აქტიურად აჯარიმებდნენ სამართალდამცველები მოქალაქეებს პირბადის და კარანტინის წესების დარღვევის გამო. მაშინ ასეულობით ჯარიმა იწერებოდა ყოველდღე. სასამართლოში გვქონდა ბევრი დავა. ველოდებით პროცესის ჩანიშვნას, მაგრამ ვიცით, რომ ეს ჯარიმები ჩამოეწერათ მოქალაქეებს. დღეს ასეთი დავები აღარაა სასამართლოში. იყო პროცესები, როცა უკვე კომპანიას ინკასო ედო ანგარიშზე, ან ვერ არკვევდა აღსრულების ბიურო დეტალებს, შეეწყვიტა თუ მოეხსნა ეს ინკასო, თუმცა კანონში აშკარად იყო მითითება, რომ დაწყებული საქმეებიც უნდა შეწყვეტილიყო. ანუ დღევანდელი მდგომარეობით, ასეთი ტიპის საქმეები სასამართლოშიც შეწყვეტილია.
– ანუ იმ პერიოდისგან განსხვავებით, პირბადის ტარებაზეც აღარაა დაჯარიმება, მახსოვს , თქვენ გქონდათ ასეთი შემთხვევები?
– კი, ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როცა მაგ. ქუჩაში წყალს სვამდა და ჩამოწეული ჰქონდა პირბადე, ამიტომ დააჯარიმეს. უკანონო იყო ეს ნაწილი, მაგრამ ზოგადად სიმკაცრე სწორი იყო. როცა მომართვიანობა არ მაქვს, ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ კონტროლი არ ხდება. ახლა სტატისტიკას ვერ მოიძიებთ ახლა იმდენად მცირეა ეს მაჩვენებელი.
– მე მახსოვს, მაშინ იყო პრეტენზია, რომ ვინც ჯარიმა გადაიხადა და არ შეეხო ამნისტია, თითქოს არათანაბარ პირობებში იყო. ასეთი შემთხვევები ხომ არ გქონიათ?
– რა თქმა უნდა , თავის დროზე , დაინტერესდნენ ამ საკითხით კეთილსინდისიერი მოქალაქეები, ვინც გადაიხადა უკვე ჯარიმა. დისკრიმინაციის ნაწილში ვერაფერს ვიტყვით, რადგან იურიდიულად, როცა რაიმე ფორმით ამინისტირება ხდება, შეიძლება გარკვეული კატეგორია მოხვდეს ან ვერ მოხვდეს ამაში. ეს კანონის თვისებაა. აქ უბრალოდ, პრეტენზია იმიტომ იყო, რომ ჯარიმები პრევენციისთვის იყო, შესაბამისად, უფრო მნიშვნელოვანი იყო, ამიტომ ადამიანების წახალისება არ ხდება ასეთ დროს, ანუ კეთილსინდისიერი ხალხი, ფაქტობრივად დავსაჯეთ.