პოლიტიკური პარტიები და პრეზიდენტი შეიძლება მზად არიან ერთმანეთში გარიგებისთვის, მაგრამ არა რეალური ეროვნული თანხმობის მისაღწევად, – ასე აფასებს ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში, გია ხუხაშვილი ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში დაწყებულ მოლაპარაკებებს.
“პოლიტიკოსებს წარმოუდგენიათ, რომ დასხდებიან, მოილაპარაკებენ, ეს ვერ გახდება შერიგების ფორმულა. ეს არის აბსოლუტურად ყალბი პროცესი, ერთადერთი სალომე ზურაბიშვილმა იგრძნო კარგი მომენტი, ჩადგა პროცესების ცენტრში, ხვდება ყველას და სელფებს იღებს.
შეიძლება, გარიგდნენ და მიშა გამოუშვეს – ვიღაც ამით გაბედნიერდა. ან გარიგდნენ და ბიძინა და მიშამ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, ცხოვრება მშვენიერია. ეს ხომ დაემსგავსება მაფიის ორი ბოსის რაღაც შეთანხმებას და სფეროების გაყოფას? არ იქნება სამართლიანობა მომავალში? ვერ იქნება შერიგება”, – განაცხადა “ფორტუნას” ეთერში გია ხუხაშვილმა.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეროვნული თანხმობის მისაღწევად მხოლოდ წარსულზე საუბარი არ კმარა.
“შერიგებას აქვს ორი მთავარი ელემენტი. ერთი ტექნიკური საკითხები – შევიგდეთ, ერთმანეთს ვაპატიოთ, მივუტევოთ, ბოდიში მოვიხადოთ და დავივიწყოთ ყველაფერი, რაც იყო წარსულში. ეს თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ რა აზრი აქვს ამ ყველაფერს, თუ ხვალიდან თამაშის წესებს არ ვცლით.
ჩვენ შეიძლება გუშინდელი ვაპატიოთ ერთმანეთს, მაგრამ ხვალიდან თუ იგივე მამაძაღლობას გავაგრძელებთ, ასეთ შერიგებას რა ფასი აქვს ან რა პერსპექტივა?
ჩვენ თუ რეალური, ეროვნული თანხმობა გვინდა მარტო იმაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, რა იყო წარსულში, იმაზეც უნდა ვილაპარაკოთ რა იქნება მომავალში.
ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ ხვალიდან არ იქნება ანგაჟირებული სასამართლო, აღარ იქნება პოლიტიზებული პოლიცია, ტოტალური მოსმენები, არჩევნებზე არ იქნება მამაძაღლობა და კონკურენტულ გარემოში ჩატარდება”, – განაცხადა ხუხაშვილმა “ფორტუნას” ეთერში.