კვების ობიექტი „ენდორფინი“ შრომის ინსპექციის ჯარიმის გასაჩივრებას გეგმავს. კომპანია ამბობს, რომ დისკრიმინაციულ ვაკანსიად მიჩნეული განცხადება, რომელიც მათ სოციალური ქსელით 14 დეკემბერს გაავრცელეს ხუმრობა იყო. „ენდორფინი“ მიიჩნევს, რომ ხუმრობის აკრძალვა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა.
„ვიცით, რომ ყველა შეწუხდით ჩვენზე გამოწერილი ჯარიმით. აუცილებლად გავასაჩივრებთ. ხუმრობა რომ არის და დისკრიმინაციის საწინააღმდეგო სარკაზმ-სტატუსი, ამაზე გავაკეთეთ განმარტება და მეტი როგორ უნდა აგვეხსნა შრომის ინსპექციისათვის? რომ საბჭოთა კავშირში აღარ ვართ, და არც კადიროვის ჩეჩნეთში, რომ ხუმრობა აგვიკრძალონ?
თუ ვიღაც თვლის, რომ უკბილო ხუმრობაა ან ეშვებიანი, ეგ სხვა გარჩევის თემაა, მაგრამ თითქმის გამორიცხულია არსებობდეს ადამიანი, ვინც სერიოზულად მიიღებდა ჩვენს ამ ვაკანსიას და სერიოზულად ჩათვლის, რომ მაღალ და გამხდარ ბუღალტერს ვეძებთ!
როგორც კი ჯარიმა ჩაგვბარდება, პროტესტის ნიშნად დავწერთ ახალ პოსტს, რომ: „ვეძებთ შავი, ბრიალა თვალებით ქერა და პუტკუნა მიმტანს.“
მიგვაჩნია, რომ ხუმრობის აკრძალვა არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, რაც არ შეიძლება დავუშვათ!“, – წერს „ენდორფინი“ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ შრომის ინსპექციის სამსახურმა წინასახელშეკრულებო ეტაპზე დისკრიმინაციული მოპყრობის განმეორებითი ფაქტი დაადგინა, რასაც საწარმოს დაჯარიმება მოჰყვა. საწარმომ დისკრიმინაციული შინაარსის ვაკანსიის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით შრომის ინსპექციის მხრიდან პირველად განხორციელებული რეაგირების, კერძოდ, გაფრთხილების გაცემის მიუხედავად, სოციალური ქსელის მეშვეობით, განმეორებით გამოაქვეყნა დისკრიმინაციული შინაარსის შემცველი განცხადება.