გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შორის ხელი მოეწერა საგრანტო ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებში, მომდევნო 3 წლის განმავლობაში დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის მოხდება მენეჯმენტის გეგმების შემუშავება და არსებულის განახლება/დახვეწა.
პროექტი “გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო” შემდეგ მიმართულებებს მოიცავს:
4 დაცული ტერიტორიისთვის ახალი მენეჯმენტის გეგმის შემუშავება, მათ შორის, მარტვილის და ოკაცეს ბუნების ძეგლების, ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების, მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალისა და ერუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციებისთვის;
2 დაცული ტერიტორიისთვის მენეჯმენტის გეგმის განახლება, მათ შორის, აჯამეთის აღკვეთილისა და იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისთვის;
2 დაცული ტერიტორიისთვის ახალი წყლის რესურსების მენეჯმენტის გეგმის შემუშავება, მათ შორის, ჯავახეთის დაცული ტერიტორიებისა და კოლხეთის ეროვნული პარკისთვის;
გენერალური გეგმის შემუშავება 17 მენეჯმენტის გეგმისთვის.
✔️ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის დაცული ტერიტორიების მდგრადი მართვა და მართვის სისტემების გაუმჯობესება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. SIDA-ს პროექტის ფარგლებში, განხორციელებული აქტივობები ერთი მხრივ ხელს შეუწყობს დაცულ ტერიტორიაზე არსებული რესურსების სწორად მართვას, მათ შორის ბუნებრივი რესურსების გამოყენების თანამედროვე მეთოდების დანერგვას, მეორე მხრივ კი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. პროექტის ღირებულება 785 000 ევროს შეადგენს.