საქართველოს ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ახალი სამგზავრო ბარათების გაყიდვა ბეჭდური შეცდომის გამო შეჩერდა და 10 იანვრიდან განახლდება.
“საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის სისტემის მართვას საქართველოს ბანკი უზრუნველყოფს, ვადიანი სამგზავრო აბონიმენტების დამზადებას და რეალიზაციას კი საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია მს+. სამწუხაროდ, ხსენებული კომპანიის მიერ დაშვებული იყო მცირედი უზუსტობა. ბარათზე დატანილ ტექსტში კი დაშვებული იყო მექანიკური შეცდომა.
სწორედ ამის გამო, დღეს, 9 იანვარს, ერთი დღით, შეჩერდება აბონიმენტების გაცემა. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. უკვე ხვალიდან, 10 იანვრიდან კი განახლდება ბარათის სწორი ვერსიის გაცემა. აქვე გაცნობებთ, რომ ბარათების ახალი ვერსიის ბეჭდვას საქართველოს ბანკი უზრუნველყოფს”, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, გუშინ facebook-ზე გავრცელდა ბარათის ფოტოები, სადაც ჩამონათვალში ავტობუსთან, მიკროავტობუსსა და მეტროსთან ერთად “საბაგარო” წერია.