LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დროა საქართველოსთან დიალოგი დავიწყოთ -სერგეი შამბა

81

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრემიერ მინისტრმა, სერგეი შამბამ გამოცემა „ეხო მასკვისთან“ ვრცელ ინტერვიუში საქართველოსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ურთიერთობებზე ისაუბრა. ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქართველები მტრად არ მიაჩნია და საქართველოში მეგობრებიც ჰყავს.

„ჩვენ უნდა ვიფიქროთ ერთობლივ მომავალზე, რადგან მეზობელი ქვეყნები ვართ და ბედმა ერთმანეთის გვერდით არსებობა გვარგუნა. მეზობელ ქვეყნებს შორის ვგულისხმობ არამხოლოდ საქართველოს. ევროპულ სახელმწიფოებს შორისაც ყოფილა კონფლიქტები. ისინი ერთმანეთს ეომებოდნენ. მაგრამ ყოველთვის დგება ურთიერთობის დარეგულირების დრო. ვფიქრობ, ახლა საქართველოსთან სწორედ ასეთი დიალოგის დაწყება შეიძლება,“ – განაცხადა სერგეი შამბამ „ეხო მასკვისთან“ ინტერვიუს დროს.

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ გაეროს ჩარევის დროს მხარეებს შორის მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობდა. თუმცა, 2008 წელს, მისიის შეწყვეტის შემდეგ მთელი პროცესი შეჩერდა. ახლა საქართველოსთან კონტაქტის ერთადერთი საშუალება, მისივე თქმით, ჟენევის შეხვედრებია, რომლებიც პერიოდულად იმართება.

„მივიჩნევ, რომ მოლაპარაკების ამ გზის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. დიდი იმედი მაქვს, ჩვენს მომავალზე რაღაც დიალოგი დაიწყება,“ – აღნიშნა შამბამ ინტერვიუს დროს.

რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში სერგეი შამბამ 1992-1993 წლებში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა და საქართველოსთან მოლაპარაკებები გაიხსენა, რომელიც, მისი თქმით, საბოლოო ჯამში კონსენსუსის გარეშე დასრულდა. აფხაზმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ტრაგედიის დროს საქართველოსთან მოლაპარაკების იმედი ჰქონდათ.

„იმედი გვქონდა, რომ ურთიერთობის რაღაც ფორმატზე მაინც შევთანხმდებოდით. თანახმა ვიყავით ფედერაციულ ურთიერთობაზე. შემდეგ საუბარი იყო კონფედერაციულ შეთანხმებაზე. პრიმაკოვის შუამავლობით განვიხილეთ ვარიანტი, რომელსაც „ერთობლივი სახელმწიფო“ ეწოდებოდა. თუმცა, ყველა ჩამოთვლილ შეთავაზებაზე საქართველო უარს ამბობდა. ძალიან ხშირად ახლოს ვიყავით კონსენსუსთან. თუმცა, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ქართულმა მხარემ ყველა პროექტზე უარი თქვა,“ – განაცხადა „ეხო მასკვისთან“ ინტერვიუს დროს სერგეი შამბამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g