LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფაშინიანმა სტრასბურგში სომხეთის წინააღმდეგ საქმე მოიგო – პრემიერს მატერიალური კომპენსაცია არ მოუთხოვია

123
fas

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სომხეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმე მოიგო. 

ევროსასამართლომ დაადგინა, რომ სომხეთის ხელისუფლებამ დაარღვია ფაშინიანის გამოხატვის თავისუფლების, მშვიდობიანი შეკრების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება.

განაჩენი 18 იანვარს გამოცხადდა.

ფაშინიანმა სომხეთს 2010 წელს, 2008 წლის ანტისამთავრობო აქციების დროს სასიკვდილო დარბევის შემდეგ, მისი დაკავებისა და განაჩენის გამო უჩივლა.

მთავრობის წევრებს, როგორც საქმეში მოპასუხე მხარეს, პრემიერ-მინისტრის მიერ მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების შესახებ სასამართლომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ფაშინიანს მატერიალური კომპენსაცია არ მოუთხოვია.

შეგახსენებთ, ფაშინიანი 2009 წლის ივლისში “კონსტიტუციური წესრიგის დამხობის” მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა 2011 წელს სომხეთის დამოუკიდებლობის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით, შეწყალების საფუძველზე გაათავისუფლეს.

ის გასამართლებული იყო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების მხარდაჭერაში გაწეული როლისთვის.

იმ პერიოდში ფაშინიანი ოპოზიციური აქტივისტი და Haykakan Zhamanak-ის მთავარი რედაქტორი იყო.

2018 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ფაშინიანმა  სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს, რობერტ კოჩარიანს, რომელიც ჩართული იყო 2008 წლის აქციების ჩახშობაში, ბრალი იმავე მუხლით წაუყენა.

თუმცა ბრალდება სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა და დღეს კოჩარიანი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერია.