„ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ალექსანდრე გოგინავამ „ომიკრონის“ შტამის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამსა და სხვა შტამებს შორის დიდი სხვაობა არ არის. მისი განმარტებით, ძირითადად „ომიკრონს“ ნაკლებად ახასიათებს ფილტვების დაზიანება და მძიმე მიმდინარეობა, მაგრამ ადამიანებში, ვისაც აქვს სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები და არ არიან სრულფასოვნად ვაქცინირებულები, „ომიკრონის“ შტამიც შეიძლება წავიდეს მძიმედ.
მისი განმარტებით, „ომიკრონის“ სიმპტომებია: ზედა სასუნთქი გზების დაზიანება, ყელის ძლიერი ტკივილი, ცხვირის გაჭედვა, ცხვირიდან გამონადენი, შემცივნება ან ტემპერატურული რეაქცია, როგორც დაბალი, ასევე მაღალი.
ინფექციონისტი აცხადებს, რომ ანტიგენის ტესტი ნაკლებად ცნობს „ომიკრონის“ შტამს, ამიტომ მათზე დაყრდნობა არ შეიძლება, ხოლო PCR-ის შემთხვევაში მეტნაკლებად ხდება ვირუსის დეტექცია.
გოგინავას თქმით, ინფიცირებული ადამიანების რაოდენობის ზრდის ფონზე მნიშვნელოვანია, რომ მსუბუქმა პაციენტებმა ჰოსპიტალური სექტორი არ გადატვირთონ, რადგან „შეიძლება მოხდეს ისეთი რამ, რომ მძიმე პაციენტი იყოს სახლში, ვერ მიიღოს აუცილებელი სამედიცინო დახმარება და საავადმყოფოში მოხვდეს ადამიანი ვისაც არ აქვს რისკები და მდგომარეობის დამძიმება ნაკლებია“.
სამწუხაროდ, შესაძლებელია, რომ კორონავირუსის გადატანიდან რამდენიმე დღეშიც დაინფიცირდეს ადამიანი: ალექსანდრე გოგინავა
უკეთ იცავს „ომიკრონისგან“ – ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას განმარტება, რომელი პირბადე გვიცავს დაინფიცირებისგან
„ომიკრონი“ არის იგივე კორონავირუსი, ამიტომ დიდ სხვაობას მასსა და სხვა შტამებს შორის არ უნდა ველოდოთ. არის კვლევები, რომ მას შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა აქვს, მაგრამ არ უნდა აღვიქვათ, რომ მსუბუქად წავა და საერთოდ არ ახასიათებს ფილტვების დაზიანება. „ომიკრონის“ შტამს ნაკლებად ახასიათებს ფილტვების დაზიანება და მძიმე მიმდინარეობა, ვიდრე ეს იყო დელტა შტამის დროს, მაგრამ სამწუხაროდ, რისკჯგუფებში, ადამიანებში ვისაც აქვს სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები და არ არიან სრულფასოვნად ვაქცინირებულები, „ომიკრონის“ შტამიც შეიძლება წავიდეს მძიმედ.
ძირითადად, „ომიკრონის“ დროს უფრო მეტად ზიანდება ზემო სასუნთქი გზები, დამახასიათებელია ძლიერი ყელის ტკივილი, ცხვირის გაჭედვა, ცხვირიდან გამონადენი, შემცივნება, შეიძლება იყოს ტემპერატურული რეაქცია, რაც ძირითადად დამახასიათებელი იყო წინა შტამების დროს, მაგრამ ომიკრონის შემთხვევაშიც შეიძლება შეგვხვდეს, როგორც დაბალი, ასევე 38-ზე მაღალი ტემპერატურა.
მხოლოდ კლინიკური ნიშნებით „ომიკრონის“ და „დელტას“ გარჩევა ძალიან რთულია. პროცენტულად უფრო მსუბუქი მიმდინარეობა აქვს და ფილტვების დაზიანება ნაკლებია, ამიტომ ნაკლებად აქვთ ხოლმე პაციენტებს შებოჭილობის შეგრძნება, ასევე სუნთქვის გაძნელება, მაგრამ რისკჯგუფებში და ადამიანებში, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აქვთ, ან არიან ასაკში და არ არიან ვაქცინირებულები, სამწუხაროდ „ომიკრონიც“ შეიძლება წავიდეს მძიმედ. უნდა ვიყოთ ოპტიმისტურად განწყობილი, რომ „ომიკრონი“ არის შედარებით მსუბუქი შტამი, მაგრამ ზომიერება უნდა შევინარჩუნოთ და დავიცვათ რეკომენდაციები. აქტიურად უნდა ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში და ეს განსაკუთრებით უნდა გააქტიურდეს იმ ასაკობრივ ჯგუფებში, სადაც რისკები მაღალი რჩება.
ანტიგენის ტესტი ნაკლებად ცნობს „ომიკრონის“ შტამს, ამიტომ მათზე დაყრდნობა არ შეიძლება. PCR-ის შემთხვევაში მეტნაკლებად ხდება დეტექცია ვირუსის. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს: თუ ჩვენ გვქონდა კონტაქტი ინფიცირებულთან და დაგვეწყო სიმპტომები, რაც არის ყელის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი, მშრალი ხველა და ტემპერატურის მატება, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ვართ ინფიცირებული და გავატაროთ სხვადასხვა ღონისძიებები.
არ უნდა დავპანიკდეთ, რადგან თუ ადამიანი სრულფასოვნად არის ვაქცინირებული, ასევე არ აქვს ქრონიკული დაავადება, დიდი ალბათობით „ომიკრონის“ შტამით გამოწვეული ინფექცია წავა მსუბუქად. უნდა ვაკონტროლოთ ტემპერატურა, მივიღოთ სითხეები, ვიყოთ აქტიური, არანაირი მედიკამენტების მიღება არაა საჭირო.
თუ ეს სიმპტომები გახანგრძლივდა, ან მაღალი ტემპერატურა წამოვიდა, ან სუნთქვის გაძნელება, რა თქმა უნდა დროულად უნდა ჩავიტაროთ ტესტირება და შემდეგ უკვე მივმართოთ სამედიცინო დაწესებულებას, ან ონლაინ, ან გადაიყვანონ პაციენტი კლინიკაში.
აღვნიშნავ, რომ მომატებული შემთხვევების დროს მნიშვნელოვანია კოორდინირებული ქმედება, როგორც სახელმწიფოს და ჯანდაცვის, ასევე საზოგადოების მხრიდან. ვისაც აქვს მსუბუქი სიმპტომები, არ აქვს რისკები დაავადების მძიმე მიმდინარეობის და პარალელურად თუ არის 3 დოზით ვაქცინირებული, არ უნდა გადატვირთოს ჯანდაცვის სისტემა და უნდა ეცადოს, რომ აუცილებლობის დროს მიმართოს მხოლოდ ონლაინ ექიმს და სამედიცინო დაწესებულებას.
ნელ-ნელა ჰოსპიტალურ სექტორზე მიმართვიანობა იზრდება და ეს ბუნებრივიც არის. რაც უფრო მეტი შემთხვევა გვექნება, ჰოსპიტლები უფრო მეტი დატვირთვით იმუშავებენ.
ჰოსპიტლებში უნდა მოთავსდნენ პაციენტები, რომლებიც საჭიროებენ აუცილებელ სტაციონარულ მკურნალობას. უახლოეს 3 კვირაში ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, რადგან გაზრდილ შემთხვევებთან ერთად, თუ სწორად არ მოხდა ნაკადების მართვა, შეიძლება მოხდეს ასეთი რამ, რო მძიმე პაციენტი იყოს სახლში, ვერ მიიღოს აუცილებელი სამედიცინო დახმარება და საავადმყოფოში მოხვდეს ადამიანი ვისაც არ აქვს რისკები და მდგომარეობის დამძიმება ნაკლებია.
სამწუხაროდ, შესაძლებელია, რომ კორონავირუსის გადატანიდან რამდენიმე დღეშიც დაინფიცირდეს ადამიანი. თუმცა, მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ყველაზე ადრეული პერიოდი, როდესაც დაინფიცირდა იყო 1 თვე ან თვე-ნახევარი. თუ ადამიანს გადატანილი აქვს კორონავირუსის რომელიმე შტამი და ვაქცინირებულია, ასეთი ადამიანების რეინფიცირების რისკი დაბალია. ვაქცინაცია 100%-ით არ გვიცავს, მაგრამ გვიცავს, როგორც რეინფექციისგან, ასევე დაავადების მძიმე მიმდინარეობისგანაც“,- -განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.
ინფექციონისტი იზოლაციისა და კარანტინითვის დაწესებული ვადების ცვლილებასაც ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ასიმპტომური და მსუბუქი პაციენტებისთვის: იზოლაციის ვადა განისაზღვრა 8 დღით; ხოლო საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის: 10 დღით.
„მსგავსი ცვლილებები შევიდა ძალიან ბევრ ქვეყანაში. ეს ეყრდნობა კვლევებს, რომ ვირუსი მსუბუქი მიმდინარეობის დროს 5 დღეზე მეტხანს არ მრავლდება იმ რაოდენობით, რომ იყოს სხვისთვის გადამდები,ხოლო საშუალო და მძიმე მიმდინარეობის დროს ვადად 10 დღე განისაზღვრა. ჩემი აზრით ეს მისაღებია, უბრალოდ ამ ცვლილებების სწორი აღქმა უნდა მოხდეს მოსახლების მიერ,ხოლო სახელმწიფომ დაწესებული რეგულაციები უნდა აღასრულოს“, – აცხადებს ინფექციონისტი.
ალექსანდრე გოგინავა სამეცნიერო ჟურნალ Science-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევასაც ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, მეცნიერები აცხადებენ, რომ „ფაიზერის“ მესამე დოზა „ომიკრონს“ იმავე ეფექტიანობით ანეიტრალებს, რა ეფექტიანობითაც ამავე ვაქცინის ორი დოზა კორონავირუსის სხვა შტამებს.
„ასეთ კვლევებს ვეთანხმები და მჯერა, რადგან პრაქტიკაშიც ბევრი შემთხვევაა ამ ეტაპზე, რაც დაფიქსირდა ადამიანებში. ვისაც „ფაიზერის“ მესამე „ბუსტერ“ დოზა აქვთ გაკეთებული და შეხვდა „ომიკრონის“ ინფექცია, საკმაოდ მსუბუქად გადაიტანეს და სიმპტომური მიმდინარეობს სულ 2-3 დღე გაგრძელდა, ყოველგვარი გართულებების გარეშე ალაგდა და გახანგრძლივება არ მოხდა“, – აცხადებს გოგინავა.