თერაპევტმა ლიზა გოდერძიშვილმა ,,პირველი არხის” გადაცემაში „პირადი ექიმი-მარი მალაზონია“ ,,ომიკრონისა” და ,,დელტა” შტამის ერთად არსებობის შესაძლებლობაზე ისაუბრა.
„სამედიცინო საზოგადოებაც არ არის ბოლომდე შეთანხმებული იმაზე, შეიძლება თუ არა პაციენტს ,,დელტა” ვარიანტი და ,,ომიკრონით” სუპერინფექცია ჰქონდეს ერთდროულად. ეს კითხვა არა მხოლოდ კორონავირუსის დროს, არამედ გრიპის ინფექციის დროსაც ჩნდება. ერთი და იგივე შტამის შემთხვევაშიც კი, მსუბუქი ფორმით შემოსული პაციენტი, მძიმდება თუ არა იმის გამო, რომ კონცენტრირებულად შეისუნთქავს დიდი რაოდენობით ვირუსებს, ბოლომდე შესწავლილი არ არის. ეს ის თემაა, რომელსაც დიდი ანალიზი სჭირდება. ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ მსოფლიო გამოცდილებას, რადგან ,,ომიკრონი” სხვა ქვეყნებში ბევრად ადრე გავრცელდა. რადგან დღეს ის დომინანტი შტამია, ,,დელტა” ვარიანტს ის ანაცვლებს. თეორიულად ,,დელტა” და ,,ომიკრონის” თანაცხოვრება ერთსა და იმავე ორგანიზმში შესაძლებელია, თუმცა ამის ბევრი კლინიკური შემთხვევა არ არის გამოვლენილი. ეს ყველაფერი არის კვლევების ფაზაში და შესაბამისად ჩვენ დასკვნებს ვერ გამოვიტანთ.
კითხვაზე, როგორ უნდა მიხვდეს პაციენტი, რომ ის ,,ომიკრონ” შტამით არის ინფიცირებული, ლიზა გოდერძიშვილი განმარტავს, რომ შტამების დადგენა კლინიკებში არ ხდება. ექიმის თქმით, შტამის შესახებ ინფორმაციის მისაღებად პაციენტს სამი კვირა სჭირდება, ამდენად თუ კლინიკური სურათი და სიმპტომატიკა გამოხატულია და პაციენტი ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს, პასუხის ლოდინი უბრალოდ არასწორია.
„პაციენტები უკვე მოსული და დადგენილი ინფექციით ხვდებიან ჩვენთან და როგორც წესი, ეს დადგენა ხდება კოვიდ კლინიკების გარეთ. პირველი პისიარ ტესტის დონეზე, ,,ომიკრონის” და ,,დელტას” ცალსახად განსხვავება ვერ ხდება, შეიძლება ლაბორატორიის თანამშრომელმა მხოლოდ ეჭვი მიიტანოს და შემდეგ მოხდეს მისი სექვენირება. ამიტომ თუ პაციენტი მოხვდა კლინიკაში, ჩვენ ამ პასუხს ვერ დაველოდებით. ახალშემოსულ პაციენტებს ჩვენ ისედაც ყოველთვის ვაფასებთ სიმპტომებისა და სიმძიმის მიხედვით და ვცდილობთ ისინი ყოველთვის იზოლირებულ გარემოში მოვათავსოთ.