NCDC-ის წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში 59,638 პირი გარდაიცვალა, რაც 2020 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელს 9,101-ით (18%) აღემატება. ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში“ (IDFI) აცხადებენ.
IDFI-ს ცნობით, 1994-2020 წლებში ქვეყანაში გარდაცვალების მაჩვენებელი 46-დან 51 ათასამდე მერყეობდა. შესაბამისად, ბოლო 28 წლის განმავლობაში, გასულ წელს ყველაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
გასულ წელს საქართველოში 30 032 მამაკაცი და 29 606 ქალი გარდაიცვალა.
„გარდაცვალების მაჩვენებლის ასეთი რადიკალური ზრდა დაკავშირებული უნდა იყოს კორონავირუსის პანდემიასთან. (ოფიციალური მონაცემებით, 2021 წელს კორონავირუსით 11,298 ადამიანი გარდაიცვალა)“,- აცხადებენ IDFI-ში.
2021 წლის დაზუსტებულ სტატისტიკას, გარდაცვალების მიზეზების მიხედვით, საქსტატი 2022 წლის ივნისში გამოაქვეყნებს.