LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შობადობისა და გარდაცვალების მაჩვენებელი შემცირდა – გასულ წელს ყველაზე მეტი ბავშვი თბილისში დაიბადა

128
შობადობა გარდაცვალება

2022 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 42 319 ბავშვი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათი ცნობით, მათგან 21 897 ბიჭია, ხოლო 20 422 გოგო. 2021 წელთან შედარებით, ქვეყანაში შობადობა 7.9%-ით შემცირდა.

საქსტატის ინფორმაციით, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, რიგით პირველი დაბადებული ბავშვის წილი 37.4%-დან 39.1%-მდე გაიზარდა, მეორე შვილის წილი შემცირდა 35.6%-დან 33.5%-მდე, ხოლო მესამე და მომდევნო შვილის დაბადების მაჩვენებელი თითქმის უცვლელი დარჩა და 26.6% შეადგინა.

2022 წელს, 2021-თან შედარებით, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 27.2%-დან 26.5%-მდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი 69.2%-დან 69.6%-მდე გაიზარდა. ზრდა შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებშიც, მათი წილი 3.6%-იდან 4%-მდეა გაზრდილი. 2022 წელს, დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 26.4 წლით განისაზღვრა.

2022 წელს საქართველოში განქორწინების მაჩვენებელი 32.3%-ით გაიზარდა – პირველ ადგილზე თბილისია

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ყველაზე მეტი ბავშვი თბილისში (14 202) დაიბადა, ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (246).

საქსტატის თანახმად, 2022 წელს საქართველოში 49 118 ადამიანი გარდაიცვალა. 2021 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რაოდენობა 18%-ით შემცირდა. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში (14 123 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (715 კაცი).

2022 წლის მონაცემების მიხედვით, ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტმა (1 წლამდე გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 7.6 პრომილე შეადგინა. 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილთა კოეფიციენტმა კი (1 000 ცოცხლად დაბადებულზე) – 9.2 პრომილე.

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ჩანს, 2022 წელს, საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და – 6 799 ერთეულით განისაზღვრა. ამასთან, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარისა და ქვემო ქართლის რეგიონებისა.