საჰაერო გადაყვანების მთლიანი მოცულობა 2021 წლის დეკემბერში 45,1%-ით ნაკლები იყო 2019 წლის იმავე თვესთან შედარებით, ნოემბერში 47%-ით ნაკლები პანდემიამდელ ნოემბერთან შედარებით. ანუ, ყოველთვიური მოთხოვნა აღდგენას აგრძელებს, მიუხედავად „ომიკრონისა“, – ინფორმაციას „ავიანიუსი“ ავრცელებს, რომელიც საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციაზე დაყრდნობით წერს.
ამ უკანასკნელმა 2021 წელს საჰაერო სამგზავრო გადაყვანებზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომლიც მიხედვითაც, მოთხოვნა (მგზავრ-კილომეტრი) პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით 58,4%-ითაა შემცირებული. თუმცა, აღნიშნული მაჩვენებლები უკეთესია, ვიდრე 2020 წლის მონაცემები, როდესაც ვარდნამ 2019 წელთან შედარებით 65.8%-ი შეადგინა.
“2021 წელს მოგზაურობაზე მოთხოვნა გაიზარდა“, – აღნიშნა IATA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა უილი უოლშმა. მისი თქმით, ხალხს უნდა მოგზაურობა. მიუხედავად იმისა, რომ მრავალ ქვეყანაში საერთაშორისო მოგზაურობის მოცულობა ჯერ კიდევ შორს არის ნორმისგან, დადებითი ტენდენცია შეინიშნება.
„საფრანგეთმა და შვეიცარიამ შეზღუდვის შემსუბუქებაზე უკვე განაცხადეს. დიდმა ბრიტანეთმა ვაქცინირებულ მოგზაურებზე ტესტირების მოთხოვნა გააუქმა. ვიმედოვნებთ, რომ მას სხვებიც მიბაძავენ, განსაკუთრებით აზიაში, სადაც რამდენიმე საკვანძო ქვეყანა ფაქტობრივად იზოლირებული რჩება”, – ამბობს IATA-ს აღმასრულებელი დირექტორი.
