LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ უჩივის სუსის უფროსი 2 ტელეკომპანიასა და ლევან ხაბეიშვილს

191
გრიგოლ

სუსის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა ორი ტელეკომპანიის და დეპუტატ ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

როგორც გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი მამუკა ღვინიაშვილი აცხადებს, ტელეკომპანიების „მთავარი არხისა“ და „ფორმულას“ ეთერებით გავრცელდა ინფორმაცია ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობის, ფულის მოპარვის სქემებთან დაკავშირებით და „ქოლ-ცენტრებთან“ შემხებლობაში მყოფ ერთ-ერთ პირად დასახელდა სუსის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, რაც სიცრუეა. ადვოკატი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებით ზიანი მიადგა გრიგოლ ლილუაშვილის სახელს, ღირსებას და რეპუტაციას, რის გამოც სასამართლოს მიმართავს.

გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ტელეკომპანიების „მთავარი არხისა“ და „ფორმულას“ ეთერებით გავრცელდა ინფორმაცია ე.წ. „ქოლ-ცენტრების“ საქმიანობის, მათი შესაძლო ფიგურანტების და მონაწილეების შესახებ.

გავრცელებული სიუჟეტებით „ქოლ-ცენტრებთან“ შემხებლობაში მყოფ ერთ-ერთ პირად დასახელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი.

როგორც გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი, ვაცხადებ, რომ „მთავარი არხისა“ და „ფორმულას“ ეთერებით გავრცელებული ინფორმაცია, ე.წ. „ქოლ-ცენტრების“ საქმიანობასთან, თაღლითურ, კრიმინალურ თუ ფულის მოპარვის სქემებთან ან რაიმე სახის დანაშაულებრივ ჯგუფებთან გრიგოლ ლილუაშვილის კავშირის შესახებ, არის სრული სიცრუე და ცილისწამება.

აღნიშნული ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებით შეილახა და ზიანი მიადგა გრიგოლ ლილუაშვილის სახელს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას.

გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ტელეკომპანიების „მთავარი არხისა“ და „ფორმულას“, ასევე, ლევან ხაბეიშვილის მიმართ სასამართლოში წარდგენილია სარჩელი.

სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს:

1) იმ ფაქტების უარყოფა, რომელიც არის სრული სიცრუე და ცილისწამება;

2) მოპასუხეებისათვის ზიანის ანაზღაურების სახით სიმბოლურად 1 ლარის დაკისრება.

განვმარტავთ, რომ საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი მტკიცების ტვირთის განაწილების მხედველობაში მიღებით, სასამართლოში წარდგენილი გვაქვს არგუმენტირებული და დასაბუთებული სარჩელი. სარჩელის წარდგენის მიზანი კი არის ის, რომ საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე“, – ნათქვამია ადვოკატის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g