LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შეზღუდვები წესდება ბანკებში სესხის აღებისას – დაკრედიტების წესები იცვლება

1 ნოემბრიდან საქართველოში სესხების გაცემაზე დამატებითი შეზღუდვები დაწესდება. ცვლილების მიხედვით, სესხის მაქსიმალური ოდენობა მსესხებლის ყოველთვიური შემოსავლის მიხედვით დაითვლება.

მაგალითად, თუ თქვენი ყოველთვიური შემოსავალი 1 000 ლარი ან ნაკლებია, სესხის დასაფარად თვეში შემოსავლის 20%-ზე მეტი არ უნდა დახარჯოთ. შესაბამისად, ათასლარიანი ხელფასის შემთხვევაში, სასესხო ტვირთმა 200 ლარს არ უნდა გადააჭარბოს.

1 000-დან 3 000-მდე და 3 000-დან 5 000 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაშიც, სესხის ტვირთი ყოველთვიური შემოსავლის 20%-ს არ უნდა აჭარბებდეს. იმ შემთხვევაში კი, თუ მსესხებლის შემოსავალი 5 000-დან 7 000-ლარამდეა, სესხის მაქსიმალური ოდენობა ყოველთვიური შემოსავლის 25%-ზე მეტი არ უნდა იყოს.  7 000-დან 10 000 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში, სესხი შემოსავლის 30%-ს არ უნდა აჭარბებდეს.

თუ მსესხებლის ყოველთვიური შემოსავალი აღემატება 10 000 ლარს, სესხის მომსახურების კოეფიციენტი შესაძლებელია განისაზღვროს სესხის გამცემი ორგანიზაციის შიდა პროცედურების შესაბამისად, თუმცა ამან არ უნდა გამოიწვიოს მსესხებლის ჭარბვალიანობა.

მარტივად რომ ვთქვათ, დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის დიდი მოცულობის სესხები ხელმისაწვდომი აღარ იქნება, მაღალშემოსავლიანი მოქალაქეებისგან განსხვავებით. 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე პირები სესხებს თავისუფლად ვეღარ აიღებენ. ეროვნული ბანკი ფიქრობს, რომ რადგან ასეთი მომხმარებლები ახერხებდნენ სესხების აღებას, უგროვდებოდათ ჭარბი ვალი, რომლის გასტუმრებასაც ვერ ახერხებდნენ, უფუჭდებოდათ საკრედიტო ისტორია და ეს მათ კეთილდღეობაზე გავლენას ახდენდა. ამიტომ, ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა, ფიზიკური პირებისთვის, ვისაც არ აქვს საკმარისი შემოსავალი, სესხებზე წვდომა მნიშვნელოვნად შეეზღუდა. მსგავსი რეგულაციების შემოღებამდე რომ მეტი დაფიქრებაა საჭირო, ამას ეკონომისტები ღიად აცხადებენ და ამბობენ, რომ ყველაზე მეტად ისევ დაბალშემოსავლიანი მოქალაქეები დაზარალდებიან.

„რა თქმა უნდა, ეს მოქალაქეებზე გავლენას მოახდენს. ის ადამიანი, ვინც პასუხისმგებლობით უდგებოდა ამ საკითხს და სესხის აღებას ვეღარ შეძლებს, მისი კეთილდღეობაც ცალსახად გაუარესდება. ისინი კი, ვინც სესხებს იღებდნენ და ეროვნული ბანკის გადმოსახედიდან ამას უპასუხისმგებლოდ აკეთებდნენ, ისევ ეროვნული ბანკის გადმოსახედიდან, მათი კეთილდღეობა შეიძლება გაუმჯობესდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადი ფონი, რაც ხდება ქვეყანაში ძალიან ბევრი მიმართულებით – მკაცრდება რეგულაციები, რაც რაღაც მომენტში გავლენას ეკონომიკაზეც მოახდენს,“ – აცხადებს „ფორტუნასთან“ ეკონომისტი, პაატა შეშელიძე.

ახალ წესს ექვემდებარება სესხის ხანგრძლივობაც. იპოთეკური სესხი შეიძლება გაიცეს მაქსიმუმ 15 წლის ვადით, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი კი – მაქსიმუმ 10 წლის ვადით. აღნიშნული ვადა 6 წელია ავტოსესხის შემთხვევაში, ხოლო 4 წელი ნებისმიერი სხვა ტიპის სესხისთვის. ეროვნული ბანკი ცვლილების მიზეზად მომხმარებელთა დაცვას ასახელებს.

რეგულაციების საჭიროებასთან დაკავშირებით საბანკო პროდუქტების ექსპერტების აზრით, ცვლილებები ისევ და ისევ მოსახლეობის ჭარბვალიანობის პრევენციის მხრივ, დროული იყო.

„აღნიშნული რეგულაციებით ეროვნული ბანკი იცავს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც ფინანსური სიდუხჭირე აქვს. მათ, ძირითად შემთხვევებში, ფინანსური განათლება არ აქვთ, საკუთარი ფინანსების დაგეგმარება უჭირთ, რამაც მიგვიყვანა იმ პრობლემამდე, რომ ბოლო მონაცემებით, კრედიტორთა მონაცემთა ბაზაში დაახლოებით 600 ათასი ადამიანია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს ნეგატიური სტატუსი აქვთ. ისინი ამ ვალდებულებებს ვერ ასრულებენ და ვერ ფარავენ ყოველთვიურად დასაფარ თანხას,“ – განაცხადა  „საზოგადოება და ბანკების“ საბანკო პროდუქტების ექსპერტმა, ანი ალიბეგაშვილმა.

 

იცვლება სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების გაცემის წესიც!

 

დღემდე მოქალაქეებს, ვისაც 500 ლარამდე შემოსავალი ჰქონდათ, შეეძლოთ, სესხის დასაფარად ყოველთვიურად საკუთარი შემოსავლის 25% დაეტვირთათ, მათ კი, ვისაც ყოველთვიური შემოსავალი ათას ლარამდე ჰქონდათ, სესხის დასაფარად თანხის 35%-ს ტვირთავდნენ, ეს ოდენობა კი ახლა 20%-მდე შემცირდება.

ცვლილების უფრო მეტად გასაგებად, კიდევ ერთი მაგალითი ავიღოთ – აქამდე მომხმარებელს, რომელსაც 1000 ლარამდე ხელფასი ჰქონდა, შეეძლო 60 თვის ვადით სამომხმარებლო სესხი 15 ათასი ლარის ოდენობით აეღო და ყოველთვიურად 350 ლარს დაფარავდა. ახალი ცვლილების მიხედვით, 1000 ლარის შემოსავლის მქონე მომხმარებლებს სესხის დასაფარად მხოლოდ და მხოლოდ 200 ლარის მიმართვა მოუწევთ, თუკი მოქალაქე იგივე პერიოდზე აიღებს სესხს, გამოდის, რომ მას მაქსიმუმ დაახლოებით 8 500 ლარის ოდენობის სესხის აღების შესაძლებლობა ექნება.

ამასთან ერთად, იცვლება კიდევ ერთი პარამეტრი – ხუთწლიანი სესხის გაცემა შესაძლებელი აღარ იქნება, სამომხმარებლო სესხის ვადა ოთხ წლამდე მცირდება. მოქალაქეები, ვისაც უკვე აღებული აქვთ სესხი დაახლოებით 15 ათასი ლარის ოდენობით, ჭარბვალიანთა სიაში მოხვდებიან.

ცვლილებები იპოთეკურ სესხსაც შეეხება. თუ საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს აქამდე შეეძლოთ, აეღოთ იპოთეკური სესხი 120 ათასი ლარის ოდენობით, 15 წლის ვადით და შეეძინათ ბინა დაახლოებით 46 000 დოლარის ღირებულებით, იგივე შემოსავლის მქონე ოჯახს დღეს შეუძლია, მაქსიმუმ 65 ათასი ლარის ოდენობით აიღოს სესხი, რაც დაახლოებით 25 ათასი დოლარია.

„ეს გულისხმობს იმას, რომ მომხმარებლებს, რომლებსაც აქვთ საშუალო ან საშუალოზე დაბალი შემოსავალი, ფაქტობრივად, ხელმისაწვდომობა იპოთეკურ სესხებზე შეეზღუდათ,“ – განაცხადა ანი ალიბეგაშვილმა.

ამ ცვლილებების მიხედვით, ეკონომისტები ჯერ ვერ ყალიბდებიან, ირღვევა მომხმარებლის უფლებები თუ ეროვნული ბანკი მათ ჭარბვალიანობისგან იცავს. თუმცა, იმ შესაძლო ნეგატიურ ასპექტებზეც ამახვილებენ ყურადღებას, რაც მომხმარებლებს მნიშვნელოვნად დააზარალებს.

„ამ რეგულაციებს უფრო მასშტაბურად რომ შევხედოთ, საბოლოოდ, საბანკო სექტორში კონკურენციის მხრივ, გავლენას მოახდენს ნეგატიური კუთხით იმიტომ, რომ თუ დღეს არიან ბანკები, რომლებიც ცდილობენ, სხვებს შეეჯიბრონ იმით, რომ მეტი რისკი აიღონ თავის თავზე, მსგავსი რეგულაციებით ეს თავისუფლება მათ შეეზღუდებათ და ეროვნული ბანკი ამით ცდილობს, გარკვეულ ჩარჩოში მოაქციოს დაკრედიტება, რამაც შეიძლება ნეგატიური გავლენა მოახდინოს ამ სფეროში კონკურენციაზე, ეს კი ითარგმნება შესაბამისად – უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთები და უფრო ცოტა დაკრედიტება,“ – განმარტავს „ფორტუნასთან“ გიორგი პაპავა.

თუ ადრე მომხმარებელი ახერხებდა, რომ ერთი სესხი მეორეს გადასაფარად აეღო და ბანკის ნეგატიურ სიაში მოხვედრას ერიდებოდა, ახლა მსგავსი ქმედების შესაძლებლობა ეზღუდება. ახლა რამდენიმე სესხის დასაფარად მხოლოდ საკუთარი შემოსავალი რჩება. თუ მოქალაქე საკუთარი შემოსავლით სესხს ვერ გაწვდება, ბუნებრივია, ის მაინც მოხვდება ბანკის ე.წ. „შავ სიაში“.

თათია კაკიაშვილი

mazda magti 5g