საქართველოში სპორტული სასტუმრო, სახელწოდებით „სანატორიუმი” გაიხსნება. პროექტის ავტორი კომპანია Green Energy-ს დამფუძნებელი დავით შვანგირაძეა.
მისი ინფორმაციით, პროექტში $2.5 მლნ-იანი ინვესტიცია განხორციელდება.
3-სართულიანი სპორტული სასტუმრო „სანატორიუმი” წყალტუბოში აშენდება და ის 50 ნომერს, ჩოგბურთის კორტებს, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნებს გააერთიანებს. სასტუმროს მესამე სართული მთლიანად სპორტსმენებს დაეთმობათ, სადაც უცხოელი თუ ქართველი სპორტსმენები სპორტული შეკრებების მოწყობას შეძლებენ. სპორტული სასტუმროს მშენებლობის საკითხზე დავით შვანგირაძე bm.ge-ის ესაუბრა და აღნიშნა, რომ სპორტსმენების გარდა, სასტუმრო სხვა დამსვენებლებსაც მოემსახურება.
„რაც შეეხება სასტუმროს დასრულების ვადებს, უახლოეს პერიოდში ფუნდამეტის ჩასხმას დავიწყებთ და ვფიქრობ, სპორტსმენების პირველ ნაკადს, 1 წელიწადში მივიღებთ”, – ამბობს Green Energy-ს დამფუძნებელი bm.ge-სთან.