არაერთი კითხვა გაგვაჩნდა ფონდის თანხების ხარჯვის მიზნობრიობასთან დაკავშირებით და სამწუხაროდ გამოკითხვის შემდეგ ამ კითხვებზე პასუხები ვერ მივიღეთ, -ასეთი განცხადება გააკეთა საქველმოქმედო ფონდ “იავნანას” საქმის პროკურორმა პაატა ბურჭულაძის მეუღლის გამოკითხვის დასრულების შემდეგ.
ამირან გულუაშვილის განმარტებით, ის პასუხები, რაც ანეგლა ვასილენკოსგან მოისმინეს არადამაჯერებელი იყო .
“გამოძიებას ჰქონდა არაერთი კონკრეტული შეკითხვა მოწმე ანგელა ვასილენკოსთან მიმართებაში, თუმცა, ამ კითხვებზე ვერ მივიღეთ დამაჯერებელი და კონკრეტული პასუხები. მოწმემ ზოგადად გაიხსენა მისი საქმიანობა, ზოგადად ისაუბრა იმ ფუნქციასთან მიმართებაში, რაც ჰქონდა ფონდში, თუმცა კონკრეტული სამუშაოები ვერ გაიხსენა.
ვასილენკომ მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდთან მიმართებაში მოგვაწოდა ინფორმაცია, კერძოდ, სასტუმროში პაატა ბურჭულაძისა და მისი ცხოვრების ხარჯების საკითხზე. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ საკუთრებაში თბილისში იყო კერძო სახლი, ამ ბინაში ცხოვრობდა მოხუცი ქალბატონი, რომელთან ერთად ცხოვრებაც არ იქნებოდა მათთვის მოსახერხებელი. ასევე სტუმრების საუზმე გულისხმობდა პაატა ბურჭულაძისდა მის დასწრებას. სწორედ აქედან გამომდინარე განმარტა მან სასტუმროში ცხოვრების ხარჯები. ჩვენ ვერ მოვისმინეთ, რა მიზანს ახორციელებდა უცხოეთში ვიზიტების დროს- განაცხადა ამირან გულუაშვილმა.
რაც შეეხება საკითხს – ხომ არ იძლევა არსებული მასალები კონკრეტული პირისთვის ბრალის წარდგენის საფუძველს, პროკურორი აცხადებს, რომ ამ საკითხზე პასუხს ვერ გასცემს, ვიდრე საქმეზე გამოძიება არ დასრულდება და მტკიცებულებები არ გაანალიზდება.
გამოძიება რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ფაქტობრივად დასრულებულია მტკიცებულებების მოპოვების პროცესი. ვიდრე მტკიცებულებათა მოპოვება და მათი ანალიზი არ დასრულდება, შემაჯამებელ გადაწყვეტილებაზე ვერ ვისაუბრებ”, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.
შეგახსენებთ, გამოძიებას შეკითხვები ფონდ იავნანადან დიდი ოდენობის თანხის შესაძლო გაფლანგვის საკითხზე აქვს. ანგელა ვასილენკომ კი გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, აღნიშნული პროცესები პაატა ბურჭულაძის სახელის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.