LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა ეს წავიკითხე, ჭკუიდან გადავედი, რა მოუვა თბილისს? რუსებმა გერმანელები გააცურეს და ვფიქრობ, ფრანგებს ახლაც ისევე მწარედ გააცურებენ, როგორც 2008 წელს – მეთიუ ბრაიზა ხელშეკრულების უცნობ პუნქტზე

424
მეთიუ ბრაიზა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, მეთიუ ბრაიზა რადიო თავისუფლებასთან რუსეთ-უკრაინის კონფლიქტსა და რუსეთის აგრესიაზე საუბრობს და პარალელს 2008 წელს, საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან ავლებს.

ბრაიზა 2008 და 2022 წლის პოლიტიკური მოვლენების შედარების დროს, რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდს და იმ ხელშეკრულებას იხსენებს, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე გაფორმდა.

მისი თქმით, ამ ხელშეკრულების შედგენის დროს რუსებმა ფრანგები “გააცურეს” და მისი ვარაუდით, ახლაც იგივე მოხდება.

ბრაიზა ჰყვება 2008 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ერთ-ერთ პუნქტზე, რომელიც, მისი თქმით, არავინ იცის, რომელიც შეთანხმებიდან ბოლო წამს ამოიღეს და რომელიც მაშინ ნიშნავდა რუსებისთვის უფლების მიცემას – ცენტრალური მაგისტრალი და რკინიგზა დაებლოკათ.

“რუსებმა გერმანელები გააცურეს, მაგრამ კიდევ უფრო მწარედ გააცურეს ფრანგები, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დროს.

ბერნარდ კუშნერმა, მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და ალექსანდრ შტუბმა, რომელიც მაშინ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იყო, საკმაოდ კარგი, სამართლიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეიმუშავეს.

შემდეგ სარკოზი ჩავიდა მოსკოვში, ხელახლა დაიწყო მოლაპარაკებები, შეთანხმება “გადაიხედა” და რაც უკან ჩამოიტანა, უბრალოდ საშინელება იყო.

იმდენად ცუდი, რომ როდესაც მეორე დღეს საფრანგეთის ელჩმა მაჩვენა, ვუთხარი, ერიკ, გარეთ უნდა გავიდე-მეთქი, ისე გაბრაზებული ვარ იმის გამო, რაც შენმა პრეზიდენტმა მოიმოქმედა.

არც კი ესმის, რა ჩაიდინა, რომ ამით რუსებს უფლება მისცა, საკუთარი ჯარები ჰყავდეთ საქართველოს ტერიტორიაზე, სანაცვლოდ კი ქართველებს აიძულა, ჯარები გამოეყვანათ მათი აწ უკვე ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

ეს აბსოლუტურად არასწორია და არღვევს საერთაშორისო სამართალს. და კიდევ უარესი – იქ იყო ბოლო პუნქტი, რომელზეც თითქმის არავინ იცის და არც მე მისაუბრია ხშირად, მაგრამ ვფიქრობ, დროა, გავიხსენოთ.

შავი პირი იმ შეთანხმებისა, რომელიც სარკოზიმ წამოიღო პუტინისგან, შეიცავდა პუტინის მიერვე შემოტანილ პუნქტს, რომ რუსებს არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთის ოკუპირება შეეძლოთ, არამედ იმ ტერიტორიისაც, სადაც გაჩერდნენ, ანუ რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მთავარი მაგისტრალიდან (ფოთი-ბათუმი-თბილისის მარშრუტი) და დამატებით, ფრანგები დათანხმდნენ, რომ რუსებს უფლება ჰქონდათ, სამხედრო პატრულირება ეწარმოებინათ, რაც უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, ხუთი ან ათი კილომეტრის მანძილზე მათი სამხედრო ოპერაციების ადგილიდან.

ნებისმიერი, ვისაც რუკა ნანახი ჰქონდა, მიხვდებოდა, რომ ეს ნიშნავდა რუსებისთვის უფლების მიცემას, ამ სამხედრო პატრულების მეშვეობით დაებლოკათ ცენტრალური მაგისტრალი და რკინიგზა”, – ამბობს ბრაიზა რადიო თავისუფლებასთან.

მეთიუ ბრაიზა იხსენებს, რომ მაშინ სახელმწიფო მდივანს დაურეკა და უთხრა, რომ ამ პუნქტის მოხვედრა შეთანხმებაში დაუშვებელი იყო:

“როცა ეს წავიკითხე, ჭკუიდან გადავედი. დავურეკე სახელმწიფო მდივანს, დავურეკე ჩემს უფროსს – დენ ფრიდს და ვუთხარი, დაუშვებელია, რომ ეს მოხვდეს შეთანხმებაში-მეთქი. თანაც სწორედ იმ დროს თავიანთ ფრანგ კოლეგებს ხვდებოდნენ პარიზში, მე კი თბილისში ვიყავი.

მკითხეს, რატომო? ვუთხარი, თუ რუკას შეხედავთ, მიხვდებით, რატომაც – ფრანგებმა რუსებს, რუს ჯარს ფაქტობრივად უფლება მისცეს, რკინიგზა დაბლოკონ.

რა მოუვა თბილისს ამ შემთხვევაში? მას შეუწყდება სურსათი, საწვავი, მედიკამენტები, ტანსაცმელი, ყველაფრის მიწოდება.

ჩემი ხელმძღვანელებიც ადგნენ და ჰკითხეს თავიანთ ფრანგ კოლეგებს – ეს რატომ გააკეთეთ? ფრანგებმა კი უპასუხეს – რა ვიცი, გონივრულად მოგვეჩვენა, რომ რუსებს სჭირდებათ პატრული, რათა დაიცვან საკუთარი დანაყოფები ქართველების სავარაუდო თავდასხმისგანო…

და მაშინ ჩემმა უფროსმა, არ მინდა მას დამსახურება დავუკარგო, იკითხა – რუკა თან გქონდათ, როდესაც ამას დაეთანხმეთ? ფრანგებმა – არა, რუკისთვის არ შეგვიხედავს, ეს უბრალოდ საღ აზრად ჩავთვალეთო…

ვფიქრობ, რომ ფრანგებს ახლაც ისევე გააცურებენ, როგორც მაშინ”, – აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g