LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეთიუ ბრაიზა: სააკაშვილი 2008 წელს ამბობდა, რომ შემდეგი ყირიმი იქნებოდა, ამის მოსმენა არავის სურდა, ეს არაკომფორტული სიმართლე იყო, მაგრამ იყო სიმართლე

394
მეთიუ ბრაიზა

„სიტყვების თამაში ვლადიმირ პუტინს აღარ გამოსდის და დასავლეთისთვის უკრაინაში ხელმეორე შეჭრა უკვე ნათელია, ამის დასაწყისი კი სწორედ ტერიტორიების ე.წ. „აღიარება“ და ჯავშანტექნიკის ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა გადაადგილებაა“, – ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარი, ამერიკის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი მეთიუ ბრაიზა აცხადებს.

როგორც ბრაიზა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, როგორი სიტყვების თამაშიც არ უნდა სურდეს რუსეთს, სულ მცირე, NATO-ს ორ დედაქალაქში, ვაშინგტონსა და ბერლინში, ამას არ მიიღებენ, არ დაიჯერებენ.

„ცალსახა, უტყუარი ფაქტია, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს ძალიან ბევრი მიმართულებით, ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადებით და უკრაინაში დამატებითი ძალების შეყვანით, მათი გადაადგილებით“, – ამბობს მეთიუ ბრაიზა.

იგი ასევე საუბრობს საქართველოსა და უკრაინაში განვითარებული მოვლენების მსგავსების შესახებაც. დიპლომატის თქმით, საგულისხმო მსგავსება ისაა, რომ დასავლეთში 14 წლის წინაც და ახლანდელი კრიზისის პირველ ეტაპზეც, არ სურდათ დაეჯერებინათ „არაკომფორტული სიმართლე“ იმის შესახებ, რომ კრემლი ომის პროვოცირებას ცდილობდა და ცდილობს.

„კიდევ ერთი რამ, რაც ამ ორ სიტუაციაში მსგავსია, არის ის, რომ დასაწყისში ნატოს ევროპელი წევრები არ იღებდნენ არახელსაყრელ სიმართლეს იმის შესახებ, რომ პუტინი ომის პროვოცირებას ახდენდა. მე ვშიშობდი, რომ ისინი მხოლოდ სუსტად, მორიდებულად და კვლავ ისე უპასუხებდნენ და დასჯიდნენ რუსეთს, რომ ეს ყველაფერი მაინც „თბილად გამოიყურებოდეს“.

მაგრამ დღეს, უკვე გაცემული პასუხებით ჩანს, რომ ალიანსი არის ერთიანი და ევროპელებს სურთ, რომ გაატარონ ზოგიერთი მკაცრი ზომა რუსეთის წინააღმდეგ, ეს ამჯერად დიდი განსხვავებაა. ამასთან, ახლა ამ მოვლენებს მთელი მსოფლიო უყურებს და აკვირდება.

მაშინ, არავის სურდა მოესმინა, გაეგო ან დაენახა ის, თუ რა ხდებოდა საქართველოში. ამჯერად, აღარავის სჭირდება რუსეთის გამოაშკარავება, ის აჩვენებს მსოფლიოს, რა არის სინამდვილეში პუტინის რუსეთი“, – ამბობს ყოფილი დიპლომატი და მკვლევარი.

მეთიუ ბრაიზა ფიქრობს, რომ საქართველოში ახლა ყველა, მათ შორის მთავრობა, ქართველი ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება, ჟურნალისტები უნდა ახსენებდნენ მსოფლიოს, რომ ის, რასაც პუტინი უკრაინას უკეთებს, მან უკვე გაუკეთა საქართველოს.

„როცა ქართველები დახმარებას ითხოვდნენ, მათ გერმანელები და ფრანგები აჩუმებდნენ. სააკაშვილს აღიქვამდნენ, როგორც იმპულსურ, დაუფიქრებელ, პროვოკაციულ აქტორს იმის გამო, რომ ის ააშკარავებდა იმას, თუ რის გაკეთებას ცდილობდა რუსეთი.

2008 წლის აგვისტოში ის ამბობდა, რომ შემდეგი კონკრეტულად ყირიმი იქნებოდა. ისევ და ისევ, ამის მოსმენა არავის სურდა, ეს არაკომფორტული სიმართლე იყო, მაგრამ იყო სიმართლე. ევროპამ ეს სერიოზული საფრთხის ფასად უგულებელყო.

ახლა კი გვაქვს ეს საშინელი არეულობა, რომელიც არა მხოლოდ უკრაინას უქმნის საფრთხეს, არამედ, ომის საფრთხეს უქმნის ევროპის უმეტეს ტერიტორიას“, – ამბობს ყოფილი დიპლომატი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები