მინსკა და ქუთაისს შორის ავიამიმოსვლის დაწყება განიხილება. საქართველოს ელჩმა ბელარუსში, ვალერი კვარაცხელიამ შეხვედრა ავიაკომპანია „ბელავიას“ გენერალურ დირექტორთან ანატოლი გუსაროვთან გამართა. შეხვედრაზე განხილულ იქნა, მხარეებს შორის თანამშრომლობის განვითარების ახალი პერსპექტივები, მგზავრთა რაოდენობის ზრდის გათვალისწინებით.
ამჟამად ბელარუსსა და საქართველოს შორის ავიარეისები (მინსკი-თბილისი, მინსკი-ბათუმი) ხორციელდება ღამე და გამთენიისას, აქედან გამომდინარე, ელჩმა ბელარუსის მხარეს თხოვა რეისების გარკვეული ნაწილის დანიშნვა დღის საათებში და ქუთაისის მიმართულებით ახალი რეისის დამატების შესაძლებლობის განხილვა. ელჩის მოსაზრებით, ხსენებული კიდევ უფრო წაახალისებს კავშირების გაღრმავებას, როგორც ტურიზმის, ასევე ბიზნესის მიმართულებით.
„ბელავიას“ გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ავიაკომპანია აგრეთვე დაინტერესებულია საქართველოში ოპერირების არეალის გაზრდით, აქვე, გამოთქვა მზადყოფნა უახლოეს პერიოდშივე განიხილოს ელჩის ზემოაღნიშნული ინიციატივები. მისივე თქმით, კომპანიის სურვილია ითანამშრომლოს მსხვილ ქართულ ტურისტულ კომპანიებთან, ამ უკანასკნელთათვის შეღავათიანი პირობების შეთავაზების მიზნით.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მიმდინარე წლის სექტემბრის მონაცემებით, ბელარუსიდან საქართველოში მოგზაურთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 54.7%-ით არის გაზრდილი.