ავიაკომპანიები პრემიუმ კლასის მომსახურების გაუმჯობესებაში მილიარდობით დოლარს დებენ, თუმცა მათი ახალი, ძვირად ღირებული ბიზნესკლასის სავარძლების ნაწილი ჯერ კიდევ ცარიელია. მიზეზი არა დაბალი მოთხოვნა, არამედ უსაფრთხოების სერტიფიცირების პროცესის გაჭიანურებაა, რის გამოც თანამედროვე სავარძლების ექსპლუატაციის დაწყება იგვიანებს. სიახლის შესახებ WSJ წერს.
ბიზნესკლასის ახალ კაბინებს, რომლებიც აღჭურვილია საწოლის ტიპის სავარძლებით, კონფიდენციალურობის კარებით, უსადენო დასამუხტი სადგურებით, დიდი სენსორული ეკრანებითა და დამატებითი სივრცით, ჯერ კიდევ არ აქვთ საბოლოო ნებართვა აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციისა (FAA) და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მხრიდან. შედეგად, ზოგიერთი ავიაკომპანია იძულებულია ახალი თვითმფრინავები ექსპლუატაციაში გაუშვას, თუმცა პრემიუმ სავარძლები მგზავრებისთვის დაბლოკილი დატოვოს.

პრობლემა შეეხო ისეთ მსხვილ ავიაკომპანიებს, როგორებიცაა KLM, Lufthansa, Singapore Airlines, United Airlines, American Airlines და Delta Air Lines. მაგალითად, KLM სექტემბრიდან შორ მანძილზე მფრინავ ახალ თვითმფრინავს ჩაუშვებს ექსპლუატაციაში, თუმცა მისი ახალი ბიზნესკლასის 34 სავარძელი სერტიფიცირების დასრულებამდე ცარიელი დარჩება. Lufthansa-ს კი ახალი Boeing 787 Dreamliner-ის გამოყენების დაწყებისას ბიზნესკლასის 28 ადგილიდან მხოლოდ ოთხის გაყიდვა შეეძლო, დანარჩენი სავარძლები დროებით დაბლოკილი იყო.
უსაფრთხოების რეგულატორები განმარტავენ, რომ პრობლემა ფუფუნების ელემენტები კი არა, მათი გავლენაა ავარიულ სიტუაციებში მგზავრების უსაფრთხოებაზე. ახალი კონფიგურაციის სავარძლები ხშირად დახრილი კუთხითაა განთავსებული, აქვს კარები და განსხვავებული სამაგრები, რაც ავარიის დროს სხეულის მოძრაობას ცვლის. სწორედ ამიტომ საჭიროა დამატებითი გამოცდები, მათ შორის დარტყმის ტესტები, ცეცხლგამძლეობის შემოწმება და ევაკუაციის სიმულაციები.

დაგვიანებული სერტიფიცირება ფინანსურ ზეწოლას არა მხოლოდ ავიაკომპანიებზე, არამედ თვითმფრინავების მწარმოებლებზეც ახდენს. Boeing-ის აღმასრულებელი დირექტორის, კელი ორტბერგის განცხადებით, კომპანიას უკვე ჰყავს სრულად დასრულებული თვითმფრინავები, რომელთა მიწოდებაც მხოლოდ სავარძლების სერტიფიცირების მოლოდინის გამო ვერ ხერხდება.
ინდუსტრიის ანალიტიკოსების შეფასებით, ავიაკომპანიებს შორის პრემიუმ მომსახურებისთვის კონკურენცია სულ უფრო მწვავდება. სწორედ ამიტომ ისინი ცდილობენ ბიზნესკლასი მაქსიმალურად კომფორტული და ტექნოლოგიურად დახვეწილი გახადონ, თუმცა რაც უფრო რთული ხდება დიზაინი, მით უფრო ხანგრძლივდება უსაფრთხოების შემოწმების პროცესი. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მსგავსი შეფერხებები უახლოეს წლებში კვლავ გაგრძელდება, რადგან რეგულატორები ინოვაციასა და მგზავრების უსაფრთხოებას შორის ბალანსის დაცვას ცდილობენ.
