შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ოქტომბერი სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრის გასაკეთებლად საუკეთესო პერიოდია.
სერგეენკომ დაავადებათა კონტროლის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე გრიპით გამოწვეულ ზიანზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ თემაზე პანიკის შექმნა არ სურს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სეზონური გართულება ფატალურადაც სრულდება.
„ეს არის სეზონური გრიპი, რომელიც მეტ-ნაკლები სიმძაფრით ყოველწლიურად მეორდება და ხშირად ეს ხდება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. ამდენად, გრიპის სეზონური ვაქცინაციისთვის ოპტიმალური ვადა არის სწორედ მიმდინარე კვირა და მისი შემდგომი უახლოესი პერიოდი.
რაც შეეხება გრიპით გამოწვეულ ზიანს, ეს მართლაც მნიშვნელოვანია, რადგანაც თუ უმეტეს შემთხვევაში გრიპი მიმდინარეობს მსუბუქად და მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა სჭირდება, გარკვეულ რისკ-ჯგუფებში მან შეიძლება საკმაოდ მძიმე და ზოგ შემთხვევაში ფატალური მიმდინარეობაც მიიღოს. რა თქმა უნდა, არ მინდა ამით პანიკის შექმნა, მაგრამ გრიპის შესახებ და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლება, ძალიან მნიშვნელოვანია,” – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
ამ სეზონზეც, გასული წლის მსგავსად, რისკ-ჯგუფებისთვის ვაქცინაციის უფასოდ ჩატარებას სახელმწიფო უზრუნველყოფს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, რისკ-ჯგუფებს განეკუთვნებიან ორსულები, 18 წლამდე ასაკის დიაბეტით დაავადებული პირები, დიალიზზე მყოფი პირები და მათი მომვლელი პერსონალი, ბავშვთა სახლებისა და მოხუცთა თავშესაფრების მცხოვრებლები და მათი მომვლელი პერსონალი, ც ჰეპატიტით დაავადებული პირები, რომლებიც იმყოფებიან მკურნალობის ქვეშ, აივ-ინფიცირებულები და სამედიცინო დაწესებულებების პერსონალი.
2018-2019 წლის სეზონისთვის სახელმწიფომ 40 935 დოზა ვაქცინა შეიძინა.