11 მარტს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ კლინიკის “მედიქლაბჯორჯიას“ ჰემატო-ონკოლოგიური სამსახურის უფროსი, პალიატიური მედიცინის სპეციალისტი, ონკოლოგი აიდა გოზალოვა სტუმრობდა, რომელმაც კოლორექტული კარცინომასა და მის თავისებურებებზე ისაუბრა.
– ქალბატონო აიდა, მარტის თვე, რომელსაც სამედიცინო საზოგადოებამ „ლურჯი მარტი“ უწოდა, მსხვილი ნაწლავის შესახებ ცნობადობის ამაღლების თვედ გამოცხადდა. საინტერესოა, რატომ მიეძღვნა დაავადებას მაინცდამაინც მარტის თვე და რატომ შეიძინა ამგვარი სახელი?
– ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია კოლორექტულ კარცინომაზე ინფორმაციის გავრცელება, რადგან ჩვენს ქვეყანაში მეტწილად ძუძუს კიბოს ექცევა ყურადღება, არადა სწორედ კოლორექტული კარცინომაა ონკოლოგიურ დაავადებებს შორის ყველაზე გავრცელებული. მეტიც, ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში ბევრად ახალგაზრდა – პრაქტიკულად 40 წლის ასაკში ავადდებიან მსხვილი ნაწლავის სიმსივნით.
– რა განაპირობებს დაავადების განვითარებას?
– დაავადების განვითარებას მეტწილად არაჯანსაღი კვება, ჭარბი წონა და ნაკლები მობილურობა, თამბაქოსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულება განაპირობებს. არაა რეკომენდებული წითელი ხორცის კერძების და შებოლილი ხორც-პროდუქტის მირთმევაც.
– რა სიმპტომებით ხასიათდება დაავადება?
– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ კოლორექტული კარცინომა მსხვილი და სწორი ნაწლავის სიმსივნეს ნიშნავს. რა თქმა უნდა, წვრილი ნაწლავის პათოლოგიებიც არსებობს, მაგრამ ძალიან იშვიათად. მსხვილი ნაწლავის შემთხვევაში დაავადება შეუმჩნევლად, თითქმის უსიმპტომოდ ვითარდება, სწორ ნაწლავზე სიმსივნის გაჩენა კი, ტკივილით, სისხლდენით, ყაბზობითა და ჯდომის დროს დისკომფორტით ხასიათდება.
– დაავადების დიაგნოსტირების რა მეთოდებს ფლობს თანამედროვე მედიცინა?
– მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგულ მეთოდად მთელ მსოფლიოში ითვლება კოლონოსკოპია, რომლის გაკეთებას ჩვენ 50-დან 70 წლამდე ასაკის ყველა ადამიანს ვურჩევთ. მართალია, საპასუხოდ მხოლოდ ნეგატიურ რეაქციას ვიღებთ, რადგან პროცედურა მტკივნეული და ნაკლებად კომფორტულია, მაგრამ ძალიან მარტივია კვლევის ადგილობრივი ნარკოზით გაკეთება. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში ბიოფსიას მივმართავთ და მხოლოდ მორფოლოგიური პასუხის მიღების შემდეგ განვსაზღვრავთ დიაგნოზს.
– კიბოს კონტროლის საერთაშორისო გაერთიანებამ 2022 წლის მთავარ მოწოდებად კიბოს მართვის ხარვეზების აღმოფხვრა აქცია, რათა ნებისმიერი სოციალური ფენის წარმომადგენელმა შეძლოს ონკოლოგიური სერვისით სარგებლობა. რამდენად ხელმისაწვდომია მსგავსი მომსახურება საქართველოში?
– მართალია, ჩვენს ქვეყანაში დაავადების მკურნალობას საყოველთაო დაზღვევა და სხვა სადაზღვევო კომპანიები აფინანსებენ, მაგრამ დიაგნოსტირების საფასურს ყველა ინდივიდუალურად იხდის, გამონაკლისს მხოლოდ პენსიონერები წარმოადგენენ, რომელთაც კომპიუტერულ ტომოგრაფიას ისევ საყოველთაო დაზღვევა უფინანსებს.
– მეტწილად მკურნალობის რა მეთოდს მიმართავთ?
– მკურნალობის მეთოდები დაავადების სტადიის მიხედვით განისაზღვრება. პირველ სტადიაზე პაციენტს გამოჯანმრთელების ყველა შანსი აქვს, მაღალია განკურნების შანსი მეორე სტადიაზეც, თუმცა საჭირო ხდება ოპერაციულ ჩარევა და პროფილაქტიკური მკურნალობა, ისე როგორც მესამე სტადიაზე. მართალია, მეოთხე სტადიაზე მეტასტაზები ღვიძლსა და ფილტვებში ვრცელდება, მაგრამ შესაბამისი მკურნალობის შერჩევის შემთხვევაშიც აქვს პაციენტს სრულად გამოჯანმრთელების შანსი.
– რამდენად ინტერესდება მოსახლეობა სკრინინგით?
– სამწუხაროდ, ნაწლავის სიმსივნის სკრინინგი ნაკლებადაა რეალიზებული, რადგან ბევრმა საერთოდ არ იცის მისი არსებობის შესახებ. არადა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და სწორი მკურნალობის დანიშვნა.