პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, პირველი მოსმენით განიხილა და 91 ხმით მიიღო.
საკანონმდებლო ინიციატივის წესით კანონპროექტი განსახილველად პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ წარადგინა, რომელიც პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე პატიმრებისთვის მისჯილი ვადის გადაანგარიშებას ითვალისწინებს.
„იდეა გაჩნდა მაშინ, როდესაც პანდემიიდან გამომდინარე პენიტენციურ სისტემაში შეზღუდვების გატარების საჭიროება დადგა. პატიმრებს, მათი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე გარკვეული კომუნიკაცია ჰქონოდათ შეზღუდული გარე სამყაროსთან, ოჯახის წევრებთან.
ინიცირებულ ვერსიაში გათვალისწინებულია, რომ ასეთ პირობებში გატარებული ყოველი ოთხი დღე პატიმარს ჩაეთვალოს სასჯელის მოხდის ხუთ დღედ, რაც შესაბამისად გამოიწვევს მისთვის მისჯილი სასჯელის გადაანგარიშებას“, – განმარტა მიხეილ სარჯველაძემ.
ამასთან, ამნისტიამ შეიძლება, შეამციროს ვადები პირობით ვადამდე გათავისუფლების ან სამაჯურის ტარების პირობასთან დაკავშირებითაც.
„ასევე შესაძლებელია მსჯელობა შედარებით მეტი შეღავათის დაშვებაზე გარკვეული კატეგორიის პატიმრებთან მიმართებით, მაგალითად, ხანდაზმულები, არასრულწლოვანები, ქალები. მეორე მოსმენისთვის ამ საკითხებზეც გვექნება ჩამოყალიბებული პოზიცია“, – განაცხადა მომხსენებელმა.
ასევე მეორე მოსმენით განხილვის რეჟიმში იმსჯელებენ ამნისტიის აღსრულების მარტივ ფორმებზე, რომ ამან არ გამოიწვიოს სასამართლოს გადატვირთულობა.
როგორც მომხსენებელმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, კანონპროექტთან დაკავშირებით წარმოდგენილი იყო მოქალაქეების პეტიცია, რომელიც არ გაიზიარეს იმ ფორმალური მიზეზის გამო, რომ კანონპროექტი უკვე ინიცირებულია და განიხილება.
პეტიციის ავტორთა მოსაზრებები აუცილებლად იქნება მეორე მოსმენისთვის განხილული და მხედველობაში მიღებული.