LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფლორენცია – რჩევები იტალიაში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

florence_italy_wallpaper_hd_background_download_desktop3

იტალიელები ამბობენ: „ღმერთს რომ დედამიწაზე სამოთხისთვის ადგილი მოეძებნა, ის მას ტოსკანაში შექმნიდა“.
შემოდგომაზე ფლორენციაში ტურისტები ნაკლებია, ოქტომბრის შუიდან კი ოქროს შემოდგომა დგება. მშვენიერი დროა მუზეუმებში სასეირნოდ, საშოპინგოდ და ტერასებზე ყავის დასალევად.

 

ფლორენცია (იტალ. Firenze, ძვ. იტალ. Fiorenza, ლათ. Florentia)
1982 წელს გამოცხადდა მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობად

 

ტოსკანას დედაქალაქი და იტალიის რესპუბლიკის ყოფილი დედაქალაქი ფლორენცია ძალიან ძველი ქალაქია, რომელიც ჩვ.წ.აღ-მდე 59 წელს დაარსდა პირადად იულიუს კეისარის მიერ. თუმცა ფლორენციამ აღორძინებას მე-14-16 საუკუნეებში მიაღწია და გადაუჭარბებლად ევროპის ფინანსური და კულტურული ცენტრი გახდა.
ფლორენცია წარმატებით ითავსებს დიადი წარსულის სულს და დინამიური თანამედროვე ქალაქის ატმოსფეროს შესანიშნავი სამზარეულოთი, შოპინგითა და ათასგვარი გასართობით.
სწორედ ფლორენცია მიიჩნევა ადგილად, სადაც დაიწყო აღორძინების ეპოქა – დანტე ალიგიერი, ფრანჩესკო პეტრარკა, ჯოვანი ბოკაჩო აქაურები არიან. რენესანსული არქიტექტურაც აქედან წამოვიდა. მას შემდეგ ქალაქი მთელი დიდებულებით მშვენივრად შემონახულია და დღეს ფლორენციას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“.

 

ფლორენციის რაიონები

ტოსკანას დედაქალაქს ორად ყოფს მდინარე არნო, რომლის ჩრდილოეთ ნაპირზე ქალაქის გული – ისტორიული ცენტრის რაიონია. ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. მინიმუმ მის მყუდრო და რომანტიულ პატარა ქუჩებში უნდა გაისეირნოთ.

ცენტრია დუომოს მოედანი, გვერდითაა ჯოტოს შექმნილი სანტა მარია დელ ფიორეს ტაძრის სამრეკლო. აქვეა ქალაქის მფარველის წმინდა იოანეს ბაპტისტერია. ცენტრშია სახელგანთქმული მუზეუმები – სან მარკო, გალერეა აკადემია, ასევე ძვირადღირებული სასტუმროები და რესტორნები.

სან ლორენცო – კიდევ ერთი ცენტრალური რაიონი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ვაჭრობითა და ხელოვნებით იწონებდა თავს. ამ ადგილის მეორე სახელია „მედიჩის კვარტალი“. სწორედ სან ლორენცოს ტაძარში არიან დაკრძალულნი ამ წარჩინებული ოჯახის ფაქტობრივად ყველა წარმომადგენელი. აქ მდებარეობს სან მარკოს დიდებული მონასტერი და სახელგანთქმული ცენტრალური ბაზარი.

სანტა კროჩეს რაიონი (იტ. წმინდა ჯვარი) – სახელი ამავე სახელწოდების ეკლესიისგან მოდის, რომელიც ქალაქის არქიტექტურული მარგალიტია. აქ სანახავია კოკი-სერისტორის, სპინელის, ანტელას სასახლეები და ჯორჯო ვაზარის სახლი. ეს ერთ-ერთი მოსახერხებელი რაიონია ტურისტებისთვის. ცენტრიდან შორს არ არის, ფასები კი საკმაოდ მისაღებია.

პონტე ვეკიოს ხიდზე (მეორე მსოფლიოს შემდეგ ერთადერთი გადარჩენილი გადასასვლელი ფლორენციაში) გადასვლისას ოლტრარნოს რაიონში აღმოჩნდებით. ეს დახვეწილი და ბოჰემური ადგილია. შესანიშნავი მუზეუმები: თანამედროვე ხელოვნების გალერეა, ვერცხლის ნაკეთობების მუზეუმი, პალატინის გალერეა. აჟურული ტაძრები და მომხიბვლელი პატარა რესტორნები, სადაც მხოლოდ ფლორენციული რეცეპტით ამზადებენ.

ფეხბურთის მოყვარულები უნდა წავიდნენ კოვერჩანოს რაიონში. აქ მდებარეობს იტალიური ფეხბურთისდიდების დარბაზი და ფედერაციის შტაბ-ბინა. კოვერჩანო ასევე უამრავი ეკლესია-მონასტრებით გამოირჩევა და ცენტრიდან ოდნავ მოშორებითაა.

 

 

ტრანსპორტი

ფლორენცია ფართობით რომს 10-ჯერ ჩამოუვარდება და აქ მეტროს საჭიროება არ არის. მით უმეტეს ყველა მნიშვნელოვანი ადგილი არც თუ დიდ ტერიტორიაზეა თავმოყრილი და თანაც მოძრაობა შეზღუდულია. მოკლედ, ტრანსპორტის დიდი საჭიროება ტურისტისთვის არც არის, თუ ოდნავ მოშორებით წასვლას არ გეგმავს.

 

მუნიციპალური ტრანსპორტი

ფლორენციის ავტობუსები ასობით მარშრუტითაა წარმოდგენილი, რაც ქალაქის ზომების გათვალისწინებით ნამდვილად შთამბეჭდავია.
ძველი ფლორენციის ცენტრში 4 ეკოლოგიური ელექტროავტობუსების მარშრუტია. მათ უჩვეულო იერი და ასოები გამოარჩევს: С1, С2, С3 და D.
მთავარ სატრანსპორტო კომპანიას – ATAF – ბილეთებისა და აბონემენტების ერთიანი სისტემა აქვს. ტურისტებს თავაზობენ 24-საათიან აბონემენტს – 5 ევრო; 3-დღიანს – 12 ევრო და ერთ კვირიანს – 18 ევრო. ღამის ავტობუსით (20:00-3:00) მგზავრობა 4 ევროა.
მძღოლთან ბილეთის ყიდვა უფრო ძვირია, 2 ევრო. ამიტომ ჯობს სადგურზე, ბარებში, ჯიხურებში შეიძინოთ 1.2 ევროდ.

 

მუზეუმებში ავტობუსით
Firenze Card 72 საათით ფლორენციის 67 მუზეუმის კარს გაგიღებთ. ბონუსი – უფასო მგზავრობა ავტობუსებსა და ტრამვაიში ბარათის ვადის ამოწურვამდე. ამ სიამოვნების ფასი 72 ევროა.

ტრამვაი
დიდი ხანი არ არის (2010 წ), რაც ფლორენციაში პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ტრამვაის ხაზი აღადგინეს (7.4 კმ), რომელის 1958 წელს „არათანამედროვეობისთვის“ დახურეს. ის სანტა მარია ნოველას სადგურს გარეუბანში, სკანდიჩის კომუნას აერთებს და გზად 12 გაჩერებას გაივლის.

ტაქსი
ტაქსის ფირმებს ტარიფები ერთნაირი აქვთ. დღისით ჩასხდომა 3.3 ევრო, მინიმალური 5 ევრო. ღამით (22:00-6:00 სთ) – 6.6 ევრო (მინიმალური 8.3 ევრო). მეოთხე და შემდეგი მგზავრისთვის 1 ევრო ემატება, ბარგისთვისაც იგივეა. ტელეფონით გამოძახება დამატებითი მომსახურებად ითვლება და 2 ევრო ემატება. მზა ტარიფებია – 20 ევრო აეროპორტიდან ცენტრამდე და 10 ევრო ქალაქის სადგურებს შორის.

 

ერთი დღე გარშემო
ფლორენციიდან შესაძლებელია ერთდღიანი გასვლის მოწყობა სიენაში, პიზაში ან ტირენიის ზღვის სანაპიროზე. ავტოსადგური სანტა მარია ნოველას სადგურთანაა. სიენაში ავტობუსით 1 საათში ჩახვალთ (7.6 ევრო). პიზასა და სანაპიროზე წასვლა მატარებლით ჯობს, 1-1.5 სთ და 8 ევროდან ბილეთები.
საქალაქო ავტობუსი №7 სან მარკოს მოედნიდან პატარა ფიეზოლემდე მიგიყვანთ, რომელიც მდიდარი არქეოლოგიური ზონით და შესანიშნავი ხედებით გამოირჩევა.


საექსკურსიო ტურები

ქალაქის სტუმრების განკარგულებაშია ჩვეულებრივი ორსართულიანი წითელი ავტობუსები City Sightseeing Open Bus. ბილეთი უფროსებისთვის (А+В+С ხაზები) 20 ევროა, 2 დღე: 25 ევრო, 3 დღე: 30 ევრო. საბავშვო ორჯერ იაფია. არის საოჯახო პაკეტებიც.


მდინარის ტრამვაი

ფლორენციის ნახვა მდინარიდანაც შეიძლება. ეს არის პატარა, 40 მგზავრზე გათვლილი თბომავლები, რომლებიც ცნობილი ღირსშესანიშნაობების გასწვრივ დადიან. ეს ტრანსპორტი გაზაფხულიდან შემოდგომის შუამდეა ხელმისაწვდომი, როდესაც მდინარი დინება მშვიდია.

 

შოპინგი

ფლორენციიდან ჩვეულებისამებრ მოაქვთ უფიცის სურათების ფრაგმენტების სუვენირები, ღვინო და ყველი, ტყავის ნაწარმი და საიუველირო მორთულობები. ძალიან დიდი ოდენობით პონტე ვეკიოზე იყიდება, თუმცა ფასები კოსმიურია. მაგალითად, მამაკაცის საათი 5 ათას ევრომდე ადის (ცნობილი ბრენდების). ბუნებრივია ბევრად იაფიანი საიუველირო ნაკეთობებიცაა.
ფლორენციაში ბეწვეულისთვისაც მიდიან (Rindi-ის მარკა) და დიზაინერული ტანსაცმელ-ფეხსაცმლისთვის.
ცენტრშია როგორც ბუტიკები, აევე მონობრენდული აუთლეტები, მაგალითად, Max Mara, Prada, Dolce & Gabbana, Robero Cavalli, Fendi. აუთლეტების უმრავლესობა ქალაქის გარეუბნებშია. არც თუ დიდ The Mall-ში ლუქსის კლასის მარკებია თავმოყრილი; Barberino Outlet-შია &G, Roberto Cavalli, Levi’s, Motivi, Guess; Valdichiana Outlet-ში სპორტული მარკებია წარმოდგენილი Adidas, Puma, Cerruti, Tosca Blu.

სრულფასოვანი შოპინგისთვის ბაზრებს უნდა ესტუმროთ. ერთი – სან ლორენცო, რომელიც უშუალოდ ცენტრშია და სამშაბათიდან შაბათამდე აქ შეიძენთ ტყავის საქონელს, ასევე სუვენირებს. მეორე ბაზარი – დელე პულჩი (dei Ciompi-ის მოედანზე). ღიაა ყოველდღე (9:00-19:30 სთ), კვირაობით კი აქ ანტიკვარებიც მიაქვთ გასაყიდად.

 

 

რა გავსინჯოთ

ფლორენციული სამზარეულოს შესახებ ლეგენდები დადის და გადაჭარბების გარეშე. ადგილობრივი კულინარების შემოქმედების გვირგვინია კილოგრამიანი სტეიკი (bistecca fiorentina). ის სისხლიანი მოაქვთ, თუმცა შეგიძლიათ მის გარეშეც მოითხოვოთ. პორცია 2-3 ადამიანს ყოფნის.
ადგილობრივი კერძები რაღაც „საშუალო იტალიურია“ ოღონდ ტოსკანური არომატით. პირველ კერძად პასტას არჩევენ, წახემსებისთვის არტიშოკს ან ბრუსკეტს, დესერტზე – ყველს.
და რა თქმა უნდა, პირველი კლასის ნაყინი. ფლორენცია სრული სერიოზულობით პრეტენზიას გამოთქვამს, რომ გახდეს ამ ცივი ტკბილეულის სამშობლო. ერთი ბურთულა 1.5 ევროდან იწყება.
ფლორენციულ მენიუშია ერთი კერძი, რომელიც ცალკე ყურადღებას იმსახურებს. ეს გახლავთ მივიწყებული და ტრიუმფით დაბრუნებული lampredotto – მოთუშული საქონლის კუჭი პომიდორით. მას რესტორნებშიც მოგართმევენ და ქუჩაშიც იყიდით სენდვიჩის სახით – 4 ევროდან.
ტოსკანურ კიანტის დიდი წარდგენა არ სჭირდება. მას ყოველდღიურად სვამენ. ასევე მიირთმევენ გრაპას ან ლიმონჩელოს, სადილამდე კი კამპარის ან ჩინზანოს გადაკრავენ.

 

კაფე და რესტორნები

ფლორენციაში ბევრია მისაღები დონის რესტორანი და კაფე, სადაც ნოყიერადაც ისადილებთ და უბრალოდ წაიხემსებთ. ცერემონიის მოყვარულებისთვის უფრო ristorante და osteria, სადაც პერსონაზე 40 ევროს გადასახდელად მზად უნდა იყოთ. ტრატორიაში (trattoria) უფრო მარტივადაა საქმე და უფრო იაფიცაა. შემდეგ მოდიან პიცერია და როსტიჩერია (rosticceria). ეს უკანასკნელი დაახლოებით გრილ-ბარს წარმოადგენს, ნოყიერი ვახშმისთვის ნაკლებად გამოდგება, უფრო ალბათ ღვინის დეგუსტაციისთვის საღამო ხანს.
ფლორენციულ დაწესებულებებს ასრულებს ტავოლა კალდა (tavola calda) – ჩვეულებრივი სასადილო, რომელიც მარტო სადილისთვის არის ღია და გვარიანად და იაფად აჭმევს. საერთო ჯამში კი, ჯობს წინასწარ გაარკვიოთ ფასები. საშუალო ჩეკი სადილისთვის 15-18 ევროა, გადარბენაზე ჭამა 4-8 ევრო.

ფასისას და ხარისხის შეფარდების საუკეთესო რესტორნები, სადაც თავად ფლორენციელები სადილობენ, ისტორიული ცენტრიდან ოდნავ მოშორებითაა და ალბათ ჯობს არც თქვენ დაიზაროთ. სან ლორენცოს და დუომოს სიახლოვეს 2-3-ჯერ უფრო ძვირად არც თუ საუკეთესოს შემოგთავაზებენ, ამიტომ უმჯობესია სანტა კროჩესა და ოლტრარნოს რაიონებში გასვლა.

რადგან ფლორენცია ტოსკანას ცენტრში მდებარეობს (რომელიც ღვინითაა ცნობილი), აქ უამრავი სორტის და არც თუ ძვირ ღვინოს ყიდიან, კერძოდ, შესანიშნავ კიანტის. ბევრი დაწესებულება ე.წ. სახლის კიანტის თავაზობენ გრაფინებით 4-7 ევროდ.

 

 

გართობა და ღირსშესანიშნაობა

„აღორძინების აკვანი“, იტალიის ყველაზე მუზეუმ-ქალაქი, ქალაქი-გაზაფხული – რა ეპითეტები და მეტსახელი არ აქვს ფლორენციას. სრულიად დამსახურებულად. ფლორენციაში სხვანაირად სუნთქავ და გრძნობ, როდესაც ქალაქის არც თუ ფართო ქუჩებში დადიხარ და წარმოიდგენ, აქ ოდესღაც რა ხალხი დადიოდა და რეებს აკეთებდა.

 

ტოპ ადგილები, რომელიც ფლორენციაში უნდა ნახო

 

სანტა მარია დელ ფიორე

სანტა მარია დელ ფიორე ან ფლორენციის დუომო (La Cattedrale di Santa Maria del Fiore – წმინდა მარიას ტაძარი ფერებში) – ფლორენციის საკათედრო ტაძარი. ტაძარს ლათინური ჯვრის ფორმა აქვს.
წმინდა მარიას ტაძარი, რომლის გუმბათი ტურისტებისთვის კარგად ნაცნობია და ფლორენციის სავიზიტო ბარათი გახდა. ის ნამდვილი საგანძურია. შესანიშნავი არქიტექტურა არ ჩამოუვარდება შიდა მორთულობებს და მხატვრულ მარგალიტს – მიქელანჯელოს „ქრისტეს დატირებას“.
ტაძრის გუმბათის დასათვალიერებელი მოედნიდან ქალაქზე შესანიშნავი ხედი იშლება.

ტურისტები ხშირად ცდებიან, როდესაც გონიათ, რომ შიგნით შესულებმა ყველაფერი ნახეს. ტაძართან მოქმედებს მუზეუმი და იქაც უნდა შეიაროთ. სწორედ აქ არის მიქელანჯელოს „პიეტა“, დონატელოს მარია მაგდალინელის ხის ქანდაკება, გიბერტის „სამოთხის კარები“ და სხვა (შესვლა 6 ევრო).

მიქელანჯელო ამბობდა, რომ ძალიან რთულია ასეთივე გააკეთო და შეუძლებელია ამაზე უკეთესის გაკეთება.

სამუშაო საათები: ორშაბათი-ოთხშაბათი, პარასკევი – 10:00-17:00; ხუთშაბათი – 10:00-15:30, შაბათი – 10:00-16:45 (15:30-მდე თვის ყოველ პირველ შაბათს); კვირა – 13:30-16:45.
ტაძარში შესვლა თავისუფალია.
გუმბათი ყოველდღე ღიაა (8:30-19:00, შაბათს 16:40-მდე).
ყოველდღე მუშაობს მუზეუმიც (9:00-19:30, კვირაობით 14:45 სთ-მდე).
ფასი: 10 ევრო.

 

პონტე ვეკიო
Ponte vecchio „ძველი ხიდი“
შუა საუკუნეების ხიდი, მდინარე არნოზე

ყველაზე ნაცნობი ხიდი. საღამოობით მოციმციმე სინათლის ფონზე გაცოცხლებული ზღაპარივით გამოიყურება.

ხიდი ვაჭართა და სოვდაგართა ნავთსაყუდელს წარმოადგენდა. ლეგენდის თანახმად ხიდზე ვაჭრობა გადასახადებისაგან გათავისუფლებული ყოფილა.
1593 წელს ხიდის პრესტიჟის ასამაღლებლად ყასბებს ხორცის გაყიდვა აეკრძალათ, რის შემდეგაც ხიდი ოქროთი მოვაჭრეებმა დაიკავეს. აქ დღესაც ძალიან ძვირადღირებულ საიუველირო ბრენდებს ნახავთ.

 

უფიცის გალერეა
გალერეა უფიცი (Galleria degli Uffizi – „კანცელარიის გალერეა“)

აქ არ მისვლა დანაშაულის ტოლფასია. ის ფლორენციის საგანძურია. აქ ინახება ბოტიჩელის „ვენერას დაბადება“, მიქელანჯელოს „წმინდა ოჯახი“, ასევე ჯოტოს, კარავაჯოს, ტიციანის, რუბენსის, რაფაელის, ჯორჯონეს, კრანახის და ლეონარდო და ვინჩის შედევრები.
აქვეა ანტიკური, ფრანგული, ესპანური, გერმანული, ჰოლანდიური და ფლამადრიული ხელოვნების ნიმუშებიც.
სასახლე აგებულია 1560-1581 წლებში და ამჟამად ევროპული სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მუზეუმია.
უფიცი იტალიური რენესანსის გაცნობის საუკეთესო ადგილია.

სამუშაო საათები: სამშაბათი-შაბათი – 8:15-18:50. ორშაბათი დასვენების დღეა.
ბილეთის ფასი: 8 ევრო.

 

სინიორის მოედანი
ეს მოედანი ისტორიის განსახიერებაა. ძველ დროში აქ ფლორენციის რესპუბლიკის მთავრობა (სინორია) მდებარეობდა, საიდანაც მოდის კიდეც მისი სახელწოდება.
აქ წყდებოდა სახელმწიფო საქმეები და აღესრულებოდა სამართალი. დღეს აქ შესანიშნავი ქანდაკებების სანახავად და ნეპტუნის შადრევანში მონეტის ჩასაგდებად მოდიან.
მოედანზე რკინიგზის სადგურიდან ფეხით 15 წუთის სავალია.

მიქელანჯელოს „დავითი“ სასახლიდან მარცხნივ დადგეს. 1873 წელს ორიგინალი ასლით შეცვალეს.
მარჯვნივ დგას – „ჰერკულესი, რომელმაც კაკუსი დაამარცხა“ (ბაჩიო ბანდინელის ნამუშევარი).

 

მიქელანჯელოს მოედანი
Piazzale Michelangelo

ფლორენციის საუკეთესო პანორამის ნახვა თუ გსურთ, ეს ადგილი აუცილებელი სანახავია. განსაკუთრებით ლამაზია საღამო ხანს, როდესაც შუქები ინთება.
მიქელანჯელოს მოედნიდან პანორამული ხედი იშლება და ის ღირსშესანიშნაობად იქცა.
მოედანი 1869 წელს ააშენეს და ამაღლებულ ადგილზე მდებარეობს (ფეხით მისვლა თავისუფლად შეიძლება), სადაც მიქელანჯელოს „დავითის“ ასლი დგას.

 

ბობოლის ბაღები
აღორძინების ხანის ბაღისა და პარკის ხელოვნების უნიკალური ნიმუში. ხვეული გზები, საიდუმლო მღვიმეები, ტალავერი, შადრევნები… პარკის სათვალთვალო მოედნიდან კი ლამაზი ხედი იშლება.
მდებარეობს პიტის მოედანზე (უშუალოდ პიტის სასახლეს ერთვის).

სამუშაო საათები: ნოემბერი-თებერვალი – 8:15-16:30; მარტი – 8:15-17:30; აპრილი, მაისი, სექტემბერი, ოქტომბერი – 8:15-18:30; ივნისი-აგვისტო – 8:15-19:30.
ფასი: 10 ევრო (საშუალებას იძლევა შეხვიდეთ ვერცხლის მუზეუმში, ფაიფურის მუზეუმში, ბარდინის ბაღში და კოსტუმების გალერეაში).

 

 

პალაციო ვეკიო
Palazzo Vecchio – ძველი სასახლე
1299-1314 წწ.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შენობა სინიორის მოედანზე.

თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო როგორც ციხესიმაგრე, მაგრამ მოგვიანებით მედიჩების რეზიდენციად იქცა. დღეს დამთვალიერებლებს შეუძლიათ მდიდრული მორთულობებითა და იტალიელი წარჩინებულებისთვის დამახასიათებელი დიდებული
ინტერიერით დატკბნენ.
ამჟამად რატუშაა.
ბილეთი: 6 ევრო.

 

პიტის სასახლე
Palazzo Pitti

რენესანსის სტილის უზარმაზარი სასახლე. სასახლის ძირითადი ნაწილი 1058 წლით თარიღდება.
მე-20 საუკუნის დასაწყისში სასახლე მთელი განძით სახალხო საკუთრებაში გადავიდა და შედეგად სასახლის კარი საზოგადოებისთვისაც გაიხსნა, როგორც ფლორენციის უდიდესი სამხატვრო გალერეა.
ეკონომიას გააკეთებთ თუ საერთო ბილეთს იყიდით.

 

სანტა კროჩეს ტაძარშია  სახელგანთქმული „ფლორენციის პანთეონი“ – ფლორენციის სახელოვანი და ცნობილი მოქალაქეების საფლავები, მათ შორის არიან მიქელანჯელო, მაკიაველი, გალილეო, როსინი და დანტე.

 

სან ლორენცოს ბაზილიკა
სან ლორენცოს ეკლესიის სამლოცველო უდაოდ მიქელანჯელოს ერთ-ერთი ყველაზე დიდებული შემოქმედებაა. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს დროის ალეგორიული ფიგურები – დღის, ღამის, საღამოსი და დილის. ასევე შესანიშნავი ქანდაკება მადონა ჩვილით.
კაპელა ღიაა ყოველდღე და შესვლა 8 ევროა.

 

გალერეა აკადემია და დავითი

ნატიფი ხელოვნების აკადემია (Accademia di belle arti di Firenze) პირველი ევროპული სამხატვრო სასწავლო დაწესებულებაა. აქ თავმოყრილი კოლექცია ერთ-ერთი ყველაზე ფასეულია იტალიაში. ტურისტების უმრავლესობა ფლორენციაში მოხვედრას იმიტომაც ლამობს, რომ გალერეა აკადემიაში აღმოჩნდნენ.
გალერეასთან ყოველთვის დიდი რიგებია, აქ ხალხს ჯგუფებად (დაახლოებით 30 კაცი) უშვებენ. ბილეთის ფასი ზრდასრულთათვის 12 ევროა.

სწორედ აქ არის ყველა დროის უდიდესი ქმნილება მიქელანჯელოს „დავითი“.

 

ფაქტები “დავითზე”

 

 

 

 

ასევე ნახეთ

 

ლანცის ლოჯია
ნამდვილი მუზეუმია ღია ცის ქვეშ, სინიორის მოედანზე პრინციპში ამ ადგილს ვერაფრით ვერ აცდებით.
სინიორის მოედანზე ფაქტობრივად ყველა სკულპტურა ასლია, გარდა ჩელინის „პერსევსისა“ (16 ს). სხვადასხვა რაკურსიდან რომ შეხედო პერსევსის სახის გამომეტყველება სხვადასხვა გგონია.

ასევე ვერაფრით აცდებით იქვე მდებარე ნეპტუნის შადრევანს. თეთრი მარმარილოს სკულპტურა გამოსახავს ზღვის მბრძანებელს მითიური არსებების გარემოცვაში.

 

პალასიო მედიჩი რიკარდი
ამჟამად ქალაქის პრეფექტურის რეზიდენციაა და ნაწილობრივ ღიაა დამთვალიერებლებისთვის. 5 ევრო.

 

სტიბერტის მუზეუმი
თუ შუასაუკუნეების ისტორია გაინტერესებთ, ეს შესანიშნავი პუნქტია. 8 ევრო.

 

გალილეოს მუზეუმი
მუზეუმს მდიდარი და მრავალფეროვანი კოლექცია აქვს და უფროსებისთვის შესვლა 9 ევრო ღირს, ბავშვებისთვის – 5.5 ევრო.

 

ბაპტისტერია
დუომოს გვერდით მდებარეობს და ცნობილია იმით, რომ ფლორენციის უძველესი შენობაა. საოცარი სილამაზის ინტერიერია, განცვიფრებას იწვევს მე-13 საუკუნის ჭერის ბიზანტიური მოზაიკა.

 

პეტრაიას ვილა
ეს ლამაზი ადგილი თავის დროზე მედიჩის ოჯახის მფლობელობაში იყო. ვილა აეროპორტის სიახლოვესაა. ქალაქიდან 5 ნომერ ავტობუსს უნდა გაყვეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g