LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგორში მცხოვრები თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ დე ფაქტო პროკურატურამ მეოთხე საქმე აღძრა

80

ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პროკურატურამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მეოთხე საქმე აღძრა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.

 

მეარაყიშვილის თქმით, მისთვის ჯერჯერობით უცნობია, რას ედავება დე ფაქტო პროკურატურა. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პროკურატურის მიერ თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ აღძრულია რამდენიმე საქმე. სამოქალაქო აქტივისტს ბრალად სდებენ „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის“ უკანონოდ მიღებას, ყალბი დოკუმენტის გამოყენებას და ცილისწამებას პარტია „ედინაია ოსეტიას“ მიმართ.

თამარ მეარაყიშვილის განცხადებით, მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, ყველა საქმე გაყალბებულია და უკვე 11 თვეა, ეს პროცესი გრძელდება. სამოქალაქო აქტივისტის ინფორმაციით, დე ფაქტო პროკურატურა არ ჩქარობს სასამართლოში საქმის გაგზავნას და გაგზავნის შემთხვევაშიც, პროცესი დაუსრულებლად გაგრძელდება, რათა კიდევ უფრო გააძლიერონ მორალური ზეწოლა და მას ყველა ფინანსური რესურსი ამოუწურონ.

„ეს არის დიდ ფინანსებთან დაკავშირებული. ადვოკატთან ხელშეკრულება მაქვს და 11 თვეში უკვე 20 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. ერთადერთი, რითაც შეიძლება პროკურატურა მომერიოს, ეს არის, რომ დავრჩე ადვოკატის გარეშე. ეს ნიშნავს, რომ ჩამსვამენ ციხეში და შეიძლება ახალი ბრალდებებიც დამიმატონ,“ – განაცხადა თამარ მეარაყიშვილმა.

ახალგორის რაიონში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალამცველებმა 2017 წლის 16 აგვისტოს დააკავეს. თუმცა, მოგვიანებით გაათავისუფლეს. მაშინ მას ორივე პასპორტი ჩამოართვეს. მას შემდეგ თამარ მეარაყიშვილი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს ვერ ტოვებს. 30 აპრილს სახალხო დამცველმა თამარ მეარაყიშვილი ადამიანის უფლებათა პრიზებზე წარადგინა. 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g