საქართველოს პრეზიდენტმა პოეტ მიხა ხელაშვილს სიკვდილის შემდეგ ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.
„საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ქვეყნის წინაშე უდიდესი ღვაწლისა და სამშობლოსათვის თავგანწირვისთვის ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა პოეტ მიხა ხელაშვილს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მიხა ხელაშვილის ეროვნული ორდენი საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა.
მიხა ხელაშვილი მე-20 საუკუნის 20-იან წლებში ანტისაბჭოთა შეთქმულებაში მონაწილეობდა და „შეფიცულთა რაზმის“ წევრი იყო.
გავრცელებული ვერსიით, ის საკუთარ დაბადების დღეს, 25 წლის ასაკში, მოკლეს საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოსყიდულებმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, 9 აპრილთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ღირსების მედლით დააჯილდოვა მომღერალი ლელა ვეფხვაძე.
მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ჯილდოსთვის.
„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველას ამ სითბოსთვის, ყველა ადამიანს. მე ყოველთვის ვგრძნობ, ადამიანებისგან გაღებულ სითბოს, სიყვარულს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ სალომეს, ჩემს საყვარელ პრეზიდენტს და მინდა, ვუთხრა, რომ ვეცდები, ეს ჯილდო ვატარო ღირსეულად და ვიყო, ისეთი შვილი, როგორიც ჩვენს ქვეყანას შეეფერება, როგორსაც იმსახურებს ეს დალოცვილი და მადლიანი ქვეყანა“, – განაცხადა ლელა ვეფხვაძემ.