რუსი სანქცირებული ოლიგარქი, ვლადიმირ ევტუშენკოვი “ფორმულასთან” სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ ალი უზდენოვი, რომელსაც, სავარაუდოდ, მისი და ივანიშვილის საუბრის გავრცელებულ ჩანაწერში ახსენებენ, საქართველოში ნამდვილად იყო და პრემიერმინისტრსაც შეხვდა. თუმცა, ევტუშენკოვი აღნიშნავს, რომ უზდენოვის ვიზიტის მიზანი დასვენება იყო.
“ბოლოს ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ დაბადების დღე მივულოცე. ჩანაწერი მილიონი გავრცელებულა, არ ვიცი, ბევრი მაგ ჩანაწერებიდან Fake-ა. ალი უზდენოვი საქართველოში იყო, პრემიერსაც შეხვდა. მე არ მახსოვს, როდის – მგონი, მარტში. [მიზანი] არაფერი პოლიტიკური არ იყო, მგონი, დასვენებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. სჯობს, [ვიზიტის მიზანი] მას ჰკითხოთ, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იყო რიგითი ვიზიტი. საქმიანი არა, მხოლოდ მეგობრული [ურთიერთობა მაკავშირებს ივანიშვილთან] და არც არასოდეს მქონია, მაშინაც კი, როდესაც ივანიშვილს ჰქონდა ბიზნესი, არც მქონდა კომუნიკაცია, ყოველთვის ვმეგობრობდით”. – ამბობს ის.
კულტურის მინისტრმა დღეს თქვა, რომ სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის მოადგილე, ალი უზდენოვი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს არ შეხვედრია.
“ალბათ, ირაკლი ღარიბაშვილმა ყველაზე უკეთ იცის, ვის შეხვდა, შესაბამისად, მე გეუბნებით, რომ ეს შეხვედრა ვერ შედგა, ვინაიდან პრემიერმა გადაწყვიტა, რომ ბიზნესმენი გადამისამართებულიყო ბიზნესწრეებთან”. – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში “კიბერ კმარას” მტკიცებით “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, Sistemas-ს დამფუძნებლის, ვლადიმერ ევტუშენკოვის აუდიოჩანაწერი გავრცელდა.
აღნიშნული სატელეფონო საუბრის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის 10 და 12 მარტით თარიღდება, ისინი თბილისში რუსი ბიზნესმენების შეხვედრაზე საუბრობენ, რათა მოიფიქრონ, როგორ აუარონ გვერდი დაწესებულ სანქციებს.