გამოწვევების მიუხედავად, საქართველო, როგორც ხიდი ევროპასა და აზიას შორის, ჩართულია აზია-წყნარი ოკეანის რეგიონთან ინტენსიურ თანამშრომლობაში ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის ახალი პროექტების განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის 78-ე სესიაზე სიტყვით მიმართვისას განაცხადა.
„მიუხედავად თავის სამეზობლოში არსებული გამოწვევებისა, საქართველო, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, როგორც ხიდი ევროპასა და აზიას შორის და ძველ აბრეშუმის გზაზე მდებარე ქვეყანა, ჩართულია ინტენსიურ თანამშრომლობაში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონთან ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის ახალი პროექტების განვითარებისთვის.” – განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით გეოპოლიტიკური კონტექსტი კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს როლს, როგორც კარიბჭეს აზიისაკენ და როგორც არსებით სატრანზიტო-ლოგისტიკურ ჰაბს, არსებით რგოლს შუა დერეფანში არხის გავლით საქონლის გადაადგილებისთვის, რომელიც შავ ზღვას, კავკასიას და ევრაზიის კონტინენტს აკავშირებს.
“ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე ახალი ისტორიული მიღწევის ფონზე, საქართველო ცდილობს განავითაროს თავისი კავშირები აზიის ეკონომიკებთან, განსაკუთრებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებითა და გაზრდილი თანამშრომლობით.
ამ რთულ პერიოდში, გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის როლი კიდევ უფრო გადამწყვეტია მდგრადი განვითარების მიზნებისათვის წინსვლის, ახალი გამოწვევების გადაჭრისა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ურთიერთმოქმედებისა და თანამშრომლობის გააქტიურებაში“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სესია 23-27 მაისს, ტაილანდში, ბანგკოკში ტარდება და მასში 80-ზე მეტი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი მონაწილეობს.