LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გაქცევა შეუძლებელია… მაშინ მომკლა ჩემმა ქმარმა, როცა ცხოვრებაში პირველად შემეძლო მეცხოვრა” – დომენიკ მანგო უცნობი ავტორის სტატუსს ავრცელებს

227
Untitled design

ქართველი ბლოგერი დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში უცნობი ავტორის მონათხრობს ავრცელებს.

ტექსტში ქალი იმ ძალადობის შესახებ ჰყვება, რომელსაც ჯერ მამამისი დედაზე ახორციელებდა, მოგვიანებით კი თავადაც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა და ამ ძალადობას წლების განმავლობაში იტანდა:

“მე ქართველი ქალი ვარ. ბავშვობიდანვე სახლში, ქუჩაში, სუფრაზე მესმოდა, რომ ეს განსაკუთრებული წოდება იყო.
სულ პატარა რომ ვიყავი, ეს ძალიან მომწონდა…

დამიძახებდნენ სუფრაზე, დამსვამდნენ საპატიო სკამზე და ყველაზე პატარა ქალბატონის თამადობით ქალების სადღეგრძელოს ამბობდნენ – გაუმარჯოთ ჩვენ შესანიშნავ ქალებს, რომლებიც მუდამ ჩვენ გამო ფუსფუსებენ და ჩვენ გარშემო ტრიალებენ.

სუფრის დაშლის მერე კი მამაჩემი ხშირად აუხირდებოდა ხოლმე საწყალ დედაჩემს და ზოგჯერ “სამართლიან სილასაც” იღებდა, ამ ყველაფერს კი თავიდან განმარტება მოსდევდა, რომ ქალმა უნდა დაითმინოს, მთვრალი და გაბრაზებული კაცი ასეთია, ის ხომ ჩვენი მარჩენალია. თავიდან ვტიროდი, ერთ ადგილს ვაშტერდებოდი და არ ვიცოდი, რა მექნა, შემდეგ კი თავადაც ვხვდებოდი ყველაფერს და თითქოს შევეჩვიე. უჩუმრად ვიხურავდი კარს, როცა მამაჩემს ვნებათაღელვა შემოაწვებოდა და ვტოვებდი ყოველღიურობის წინაშე ერთად.

აქედან ვისწავლე, რომ ქართველი ქალი მუდამ კაცზე უნდა ზრუნავდეს და დაითმინოს ყველაფერი ოჯახისათვის…

ასე დამძიმდა ჩემი ტიტული პირველად, ასე ჩამოიშალა ჩემი ღმერთივით ქალი – დედა ჩემ წინაზე, სულ უფრო სუსტი და დაუცველი მეჩვენებოდა, ბოლოს ვეღარ გაუძლო, უბრალოდ ადგა და მოკვდა, მაგრამ ფიზიკურად არა..

როცა წამოვიზარდე და ყველაფერი გავიაზრე, უკვე ძალიან გვიანი იყო, მე მას ვეღარ ვშველოდი. რუტინა რომელზეც ზემოთ მოვყევი, მისთვის თითქოს იგივე იყო, რაც დილით ყავის დალევა.
და გავიქეცი, ხო, გავიქეცი 2 კვირის გაცნობილ ბიჭთან ერთად, გავექეცი ჩემს ცხოვრებას, მაგრამ სამყაროს ირონია იმაშია, რომ გაქცევა შეუძლებელია.

იგივე მოხდა, მეც ბავშვი გავთხოვდი და მეც ვითმენდი წლები ძალადობას, მინდოდა წამოსვლა, მაგრამ დედაჩემმა აუღელვებლად მითხრა, რომ ეს შენი არჩევანი იყო, მთელი ცხოვრება გავუძელი თქვენ ამდენ ტკივილს, რომ სხვას არ ელაპარაკა და ახლა ამას ნუ გამიკეთებო.

მითხრა კი არა, მუდარას ჰგავდა, ადამიანის უკანასკნელ მუდარას.
და დავიჯერე.
არც არაფერი მქონდა, ყველაფერი ჩემს ძმას დარჩა – მამაჩემივით თავყიას და მოძალადეს!

და უკვე მაშინ, როცა მეც, ისევე როგორც დედაჩემი ჩავიკლავდი სულში უკანასკნელ ამოსუნთქვას, ჩემი ქმრის ეჭვიანობას და ამის ხარჯზე ჩემს ჩალურჯებებს მის სიყვარულს მივაწერდი, ჩემი შვილის თვალებში საკუთარი თავი დავინახე, ბევრი წლის წინანდელი, დავინახე როგორ მძიმდებოდა მისი ჯვარიც, დავინახე როგორ გამწირეს თავად გაწირულებმა… და წამოვედი…

ჩემს პატარა გოგონას კი ვუთხარი, რომ ის არასდროს გაივლიდა იმ გზას, რაც მე გავიარე, რადგან ის უსასრულოა, თუ თავად არ დაასრულე.

მე არ ვიცი, ეს პირობა შევასრულე თუ არა, რადგან ეს ისტორია იმაზეა, როგორ მოვკვდი.
სულიერად არა, ფიზიკურად!

მაშინ მომკლა ჩემმა ქმარმა, როცა ცხოვრებაში პირველად შემეძლო მეცხოვრა.
მაგრამ მე ვცადე ჩემი შვილისთვის ეს უწყვეტი ძაფი გამეწყვიტა, ვცადე ის, რაც დედაჩემმა ვერ გააკეთა…” – წერს ავტორი.

რატომ კლავენ ქალებს საქართველოში?

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g